პოლიტიკა
საქართველოს შესახებ ანგარიში კრიტიკულია და ასეთიც უნდა იყოს, მიაჩნია საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. როგორც საქართველოსა და მისი მთავრობის ძლიერი მეგობრები, ვალდებული ვართ, ანგარიში მოვამზადოთ აღნიშნულ საკითხებზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

ეს ყოველწლიური ანგარიშია, რომლის მომზადების ვალდებულებაც სახელმწიფო მდივანს კანონით აკისრია. მან ხალხს უნდა მიაწოდოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში მსოფლიოს 200 ქვეყნიდან და იურისდიქციიდან. ისინი მიჰყვებიან ნიმუშს, რომელშიც უნდა იყოს კრიტიკული შეფასებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იცავენ ქვეყნები საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს“, – აღნიშნა როს უილსონმა.

მისი თქმით, საქართველოს შესახებ ანგარიში კრიტიკულია და ასეთიც უნდა იყოს.

როგორც ამ ქვეყნისა და მისი მთავრობის ძლიერი მეგობრები, ჩვენ ვალდებული ვართ, ანგარიში მოვამზადოთ აღნიშნულ საკითხებზე. უკვე დიდი ხანია, საქართველო ლიდერია რეგიონში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით და რჩება ლიდერად. ეს არის ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ ხელისუფლებასთან, ყველა თუ არა, უმეტესობა შემთხვევებზე ანგარიშიდან. ჩვენ მოველით, რომ განვაგრძობთ მტკიცე, მეგობრულ და ნაყოფიერ დიალოგს ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის და ამერიკელი ხალხისთვის, რომლისთვისაც საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებები ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა როს უილსონმა.