საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულმა წმინდა ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტმა მემორანდუმი გააფორმა დონის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტთან, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" რუსულ უმაღლეს სასწავლებელში.
მემორანდუმი 2019 წლის 1 თებერვალს საქართველოში გამართული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ბესარიონ მესხი, პრორექტორი სვეტლანა შვედოვა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები გია კვაშილავა და დავით ჯალაღონია, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ნუგზარ ალექსიძე, მეცნიერ-მკვლევარი კახაბერ ჭიღლაძე და სხვები.
„ამ შეთანხმების თანახმად, მხარეების მიზანია ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის განვითარება განათლების კულტურული პროექტების სფეროებში, ორმხრივი აკადემიური კონტაქტების განვითარება, ერთობლივი ღონისძიებების განვითარება. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროექტებს. გათვალისწინებულია სტუდენტების გაცვლა", - განაცხადა დონის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობის ცენტრის ხელმძღვანელმა ალინა ვინიცკაიამ „Sputnik-საქართველოსთან" საუბრისას.
სტუდენტები საქართველოდან შეძლებენ საზაფხულო სკოლაში სწავლას, ხოლო დონის უნივერსიტეტის სტუდენტები აქ ჩამოვლენ როგორც საზაფხულო სკოლებში, ისე ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობისთვის. ამჟამად ეს პროგრამები ძირითადად, ჰუმანიტარულ სფეროში განხორციელდება, მაგრამ მომავალში სხვა ვარიანტებიც იქნება განხილული.
„კიდევ ერთი საინტერესო მომენტია ის, რომ ჩვენთან არის თეოლოგიის ფაკულტეტი და ამ ფაკულტეტის თანამშრომლებისთვის ძალზე საინტერესო იყო საპატრიარქოსთან არსებულ უნივერსიტეტთან პირდაპირი თანამშრომლობა", - აღნიშნა ვინიცკაიამ.
ამასთან, ვინიცკაიას განცხადებით, დონის უნივერსიტეტის რექტორი ბესარიონ მესხი ქართველი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრია. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ უმაღლესი სასწავლებელი ასე მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან.
დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელთან თანამშრომლობს, მათ შორისაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. ამჟამად დონის უნივერსიტეტში საქართველოდან დაახლოებით 30 სტუდენტი სწავლობს. უმაღლეს სასწავლებელში განიხილება ქართველოლოგიის კათედრის გახსნის საკითხი.
„როსტოვის ოლქი საქართველოსთან ახლოსაა, თვითმფრინავით ჩამოფრენას სულ ერთი საათი უნდა, კლიმატიც მსგავსია. სტუდენტები თავს სრულიად განსხვავებულ სამყაროში არ იგრძნობენ. ჩვენი უნივერსიტეტი რეგიონის საყრდენი უმაღლესი სასწავლებელია", - განაცხადა ვინიცკაიამ.
დონის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტში დაახლოებით 65 ათასი სტუდენტი სწავლობს, აქედან დაახლოებით სამი ათასი უცხოელია. უნივერსიტეტში სწავლა 24 ფაკულტეტზე მიმდინარეობს. უნივერსიტეტმა უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი 1992 წელს მიიღო და მას შემდეგ ფართო პროფილის სასწავლებელს წარმოადგენს.
„საქართველო დონის როსტოვში ძალზე პოპულარულია. ბოლო წლებში აქედან საქართველოში წამსვლელთა რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა. უჩვეულოდ გაიზარდა ტურისტული დარგო, ჩვენ ორი რეგულარული რეისი გვაქვს - თბილისსა და ბათუმში, და ჩვენ ვხედავთ, რომ თვითმფრინავები სულ გადავსებულია. ზაფხულში დასვენება საქართველოში ყველას უნდა", - აღნიშნა ვინიცკაიამ.
ვინიცკაიამ ასევე ილაპარაკა დონის როსტოვში დიდი ქართული თემის, „ვარძიის" შესახებ, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ მუშაობს.
საპატრიარქოსთან არსებული ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 2008 წელს დაფუძნდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევით. მისი რექტორი დაარსებიდან დღიდან მთავარეპისკოპოსი სპირიდონია. უნივერსიტეტი აჭარაში, შუახევში მდებარეობს. უნივერსიტეტში სწავლა და სამჯერადი კვება უფასოა.
უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების, აგრარულ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების, სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის, სოციალურ მეცნიერებათა და ჯანდაცვის, და ქართველოლოგიური კვლევების ფაკულტეტზე.