პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის გააქტიურების საკითხი დასვა

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარქსიანს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვდა.

არმენ სარქისიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სომხეთში სტუმრობისთვის და განაცხადა, რომ საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების განვითარებას დიდი პოტენციალი გააჩნია.

როგორც არმენ სარქისიანმა აღნიშნა, ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისათვის უნდა გამოვიყენოთ ხალხებს შორის მჭიდრო კავშირი და ისტორიული მეხსიერება. განვავითაროთ თანამშრომლობის უფრო ფართო სპექტრი, შევძლოთ არსებული პოტენციალის გამოყენება ერთობლივი პროექტების განხორციელების თვალსაზრისითაც.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაციის სტუმრობა სომხეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მოლოდინის ნიშანია.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო და სომხეთი უკვე ძალიან ბევრ საკითხზე თანხმდებიან, პირველ რიგში, იმაზე, რომ რეგიონს, რომლის შემადგენელი ნაწილია საქართველოც და სომხეთიც, განვითარების ძალიან დიდი სამომავლო პოტენციალი აქვს.

პრეზიდენტებმა საქართველო-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობების განვითარების საკითხებსა და სომხეთში ახალი პოლიტიკური ვითარების შესახებ იმსჯელეს. საქართველო აღიარებს სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ საზღვრებს.

ამასთან, მზაობას გამოთქვამს კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირების მხარდაჭერის თაობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის გააქტიურების საკითხი დასვა.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრესის შესახებ ილაპარაკა და სომხეთის მხარეს აღნიშნულ საკითხებზე ევროკავშირის პოზიცია გააცნო.

საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოიწვია, რომლის ჩატარებაც ბათუმში იგეგმება.

მხარეებმა ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში ურთიერთობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს და საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს, რომელსაც ევროკავშირთან და ჩინეთთან საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ქმნის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მდგომარეობას საქართველოში. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათი ინტერესების დაცვა. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საქმეში ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდების პოტენციალის გამოყენება.