საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. საქინფორმის მკითხველებს შეხსენება არ სჭირდებათ, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში - 2008 წლის აგვისტოდან დღემდე - საქინფორმის მრავალრიცხოვან პუბლიკაციებში არაერთხელ გამოითქვა ვერსია, რომ ომები საქართველოსა და უკრაინაში საგანგებოდ იყო პროვოცირებული დასავლეთის მიერ, მათგან იმ ტერიტორიების მოწყვეტის მიზნით, რომელთა მოსახლეობა ნატოში გაწევრიანების კურსს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. საქართველოში ასეთებია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, უკრაინაში - დონბასი და ყირიმი. საქინფორმი გამუდმებით შეახსენებდა საქართველოს მოსახლეობას, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდება კრძალავს ახალი წევრების - ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყნების მიღებას. ბოლოს საქინფორმმა ამას დეტალური ანალიზი მიუძღვნა ამერიკელი ანალიტიკოსის ლუკ კოფის შემოთავაზების პასუხად, რომელმაც საქართველოს ნატოში შესვლა შესთავაზა „დროებით დაკარგული ტერიტორიების, მაგრამ, ამავე დროს, МАР-ის გარეშეც“, რამაც ქართველ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია.
და აი, საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ბოლო ინტერვიუში პრაქტიკულად სრულად ადასტურებს არა მარტო საქინფორმის ვერსიას, არამედ ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს ყველა მარტივ არგუმენტსაც. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას პირად საუბარში უთხრა, რომ ყირიმის დათმობის სანაცვლოდ უკრაინა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას შეძლებდა.
„როდესაც ყირიმში ცნობილი მოვლენები ვითარდებოდა, პოროშენკოს ვესაუბრე, რადგან აღშფოთებული ვიყავი და ვამბობდი, რომ უკრაინამ უნდა იმოქმედოს. ამ დროს კი მან მითხრა, აი, შენ ხომ ფაქტობრივად შეეგუე, რომ აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს არასდროს დაუბრუნდება, ანალოგიურად ჩვენც უნდა შევეგუოთ ყირიმის დაკარგვას, სამაგიეროდ, ჩვენ ამას გავცვლით ნატოსა და ევროკავშირის წევრობაში. მე, რა თქმა უნდა, არ დავეთანხმე და ვუთხარი, რომ ცხინვალი და აფხაზეთი ძალიან მალე დაუბრუნდება საქართველოს, ხოლო უკრაინა სწორედ ყირიმის ტერიტორიული კონფლიქტის გამო ვერ გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
და უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს - სააკაშვილს გულახდილობა პოროშენკოს ჯიბრზე მოეძალა უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რათა სხვა კანდიდატებს, მაგალითად, თავის მეგობარ იულია ტიმოშენკოს შეუწყოს ხელი, თუ მასში დაგვიანებით გაიღვიძა სინდისმა (რაც ნაკლებად სავარაუდოა). ფაქტია, რომ სააკაშვილმა ერთდროულად აღიარა, რომ პოროშენკოსთან ურთიერთობისას, როცა უკვე ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო, ის საქართველოს ტერიტორიების საბოლოოდ დაკარგვას ეთანხმებოდა. უფრო მნიშვნელოვანი კი სააკაშვილის აღიარებაა, რომ ქვეყანას ტერიტორიული კონფლიქტებით - სულერთია, საქართველო იქნება თუ უკრაინა - ნატოში არ მიიღებენ. შესაბამისად, ევროატლანტიკური კურსი და დანარჩენი ანტურაჟი - თავის ტერიტორიაზე ნატოს სწავლებების ჩატარება და ერთობლივი ცენტრების შექმნა, ერაყსა და ავღანეთში მისიებში მონაწილეობა და МАР-ის მიღება - ტერიტორიული პრობლემების მოგვარებამდე მხოლოდ უსარგებლო ბლეფია.
რისი იმედი ჰქონდა სააკაშვილს, როცა პოროშენკოს სოხუმისა და ცხინვალის საქართველოს წიაღში მალე დაბრუნების შესახებ ელაპარაკებოდა, მხოლოდ ღმერთმა უწყის, მაგრამ რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების პროვოცირებისას ის აშკარად იმავეს იმედოვნებდა, რასაც პოროშენკო - ნატოში ნებისმიერ ფასად, თუნდაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე!
საქინფორმის რედაქცია