საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში პირველად 36 წლის ასაკში ჩამოვედი...

 საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ჩვენი მთავარი თავდაცვაა, გვყავდეს ერთიანი საზოგადოება, რომელსაც მთავარ საკითხებზე ერთიანი მიდგომა ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან (LRT) ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტის ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის დროს ჩაიწერა.

ჟურნალისტმა საუბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის პირადი ისტორია შესანიშნავია, რადგან ზურაბიშვილი დაიბადა საფრანგეთში და ამჟამად თავის ქვეყანას ხელმძღვანელობს. კითხვაზე – როდესაც პირველად ნახეთ საქართველო, ძალიან განსხვავდებოდა თუ არა იმისგან, რაც წარმოგედგინათ, რაც თქვენს ფანტაზიებსა და ოცნებებში არსებობდა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა – ორივე. ეს იყო ძალიან განსხვავებული და ძალიან ახლოს იმასთან, რასაც ველოდი“.

ძალიან რთულია განსაზღვრა, როდესაც არ ყოფილხართ ქვეყანაში. მე საქართველოს პირველად ვეწვიე 36 წლის ასაკში. ასე რომ, როდესაც პირველად ჩადიხარ ქვეყანაში, რთულია შეადარო იმ ისტორიებს, მითოლოგიას, ყველაფერს, რაც მოგისმენია ემიგრანტების ოჯახში, რომელიც ყოველთვის ოცნებობდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე. თუმცა, როდესაც პირველად შევხვდი, ეს ის ქვეყანა იყო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეკითხვაზე – რა შეგრძნებაა, როდესაც ხართ იმ ქვეყნის მეთაური, სადაც ვიზიტი არ შეგეძლოთ მას შემდეგ, რაც გაიზარდეთ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არ იცის, ეს რა შეგრძნებაა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

ამ ისტორიიდან შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომ როდესაც ფიქრობ მომავალზე, შენს ცხოვრებაზეშეუძლებელი არაფერია. ის, რაც რეალურია ჩემი პერსონალური ისტორიიდან გამომდინარე, ასევე რეალურია ჩემი ქვეყნისთვის, რადგან რამდენიმე ათწლეულის წინ შეუძლებელი იყო იმაზე ფიქრი, რომ საქართველო დამოუკიდებელი იქნებოდა, ასე ახლოს იქნებოდა ევროკავშირში შესვლასთან, შესაძლებელი იქნებოდა უვიზო გადაადგილება იმ სივრცეში, რომელიც რკინის ფარდით იყო გამოყოფილი. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ამ სამყაროში ნებისმიერი რამ შესაძლებელია და ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვაზე – რა მიირთვა საუზმეზე, ფრანგული კრუასანი თუ ქართული ხაჭაპური, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მიირთვა კვერცხი, დიეტურად, მაგრამ ორივე ზემოთ ხსენებული უყვარს.

ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა, რომ დიალოგი ქალთა საერთაშორისო დღეს, რვა მარტს წარიმართა. მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იყო დემოკრატიული და კონკურენტული, თუმცა ძალიან დაძაბული. შეკითხვაზე – რას ნიშნავს, იყო ქალი კანდიდატი საარჩევნო კამპანიის დროს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ იყო ძალიან დაძაბული კამპანია, თუმცა ერთ-ერთი ისეთი, როგორსაც ამჟამად ვხედავთ ბევრ სხვა ქვეყანაში.

ასე რომ, ეს არ იყო ის, რაც განსაკუთრებით ახასიათებს საქართველოს. თუმცა, ჩვენთვის სოციალური ქსელები ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ ისევე, როგორც თქვენთან. სოციალური ქსელები, შესაძლოა, იყოს განსაკუთრებით ძალადობრივი. რაღაც დროის შემდეგ შევწყვიტე მისი კითხვა და გარკვეული ინფორმაციის მოსმენა. ეს იყო უფრო ადვილი, როდესაც პირდაპირ არ ვიყავი ჩართული ამ ქსელებში.

ვფიქრობ, რომ საზოგადოების ეს ბიპოლარიზაცია, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში და რომელსაც ასევე ვხედავ სხვა ქვეყნებშიამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში, ძალიან დესტრუქციულია დემოკრატიული სისტემებისთვის, რომელთა დამკვიდრებაც ჩვენ გვინდა და რომლისკენაც ვისწრაფვით. ეს ის არის, რასაც უნდა ვებრძოლოთ. ამან დამიტოვა ძალიან დიდი პასუხისმგებლობის შეგრძნება. ვფიქრობ, პრეზიდენტის ფუნქციაა, განსაკუთრებით იმ პრეზიდენტის, რომელიც არცერთი პარტიის წევრი არ არის, ხელახლა შექმნას სოციალური კონსენსუსის გარკვეული ფორმა ანდა სტაბილურობა, როგორც არ უნდა ვუწოდოთ. თუმცა, ეს ძალიან რთულია, რადგან პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, რომლებსაც ისეთი მეზობლები ჰყავთ, რომლებიც ყოველთვის პოზიტიურად არ აზროვნებენ. ჩვენ გვჭირდება სოციალური კონსენსუსის განახლება, რადგან ეს არის თავდაცვის მთავარი საშუალება. ჩვენი თავდაცვა აქ იწყება.

ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ თავდაცვის სხვა ფორმები, მაგალითად სამხედრო თავდაცვა, მაგრამ ჩვენი მთავარი თავდაცვაა, რომ გვყავდეს ერთიანი საზოგადოება, რომელსაც მთავარ საკითხებზე ერთიანი მიდგომა ექნება. რასაკვირველია, ყველაზე მეტად ჩვენ პოლიტიკური მრავალფეროვნება გვჭირდება, მაგრამ პოლიტიკური მრავალფეროვნება არ ნიშნავს ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, რომლის თარგმანს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.