საზოგადოება
„თავისუფალი საქართველო“ თბილისსა და რეგიონებში პენსიის გათანაბრებას ითხოვს

pensia_inflპარტია „თავისუფალი საქართველო“ თბილისსა და რეგიონებში პენსიების გათანაბრებას მოითხოვს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საპრეზიდენტო არჩევნების წინ მთავრობამ ოფიციალურად განაცხადა, რომ 1 წლის მანძილზე პენსიები 100 დოლარს მიაღწევდა, თუმცა რეალურად პენსიები მხოლოდ თბილისში გაიზარდა და ისიც 10 ლარით. „ბოლო პერიოდში, ინფლაციის და სხვადასხვა კორუფციული მაქინაციის შედეგად, ისედაც მიზერული პენსიის მსყიდველუნარიანობა კიდევ უფრო შემცირდა, რომ არაფერი ვთქვათ „ლიბერთი ბანკის“ მიერ გატარებულ მძარცველურ საკრედიტო პოლიტიკაზე. მოძრაობა „თავისუფალი საქართველო“ მიმართავს საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს, რეგიონებსა და თბილისში მინიმალური პენსია გაუთანაბრდეს ერთმანეთს, ანუ 90 ლარს, ხოლო 2011 წლის 1 სექტემბრიდან პენსიის ოდენობა განისაზღვროს 100 აშშ დოლარის ეკვივალენტით. შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები შეიძლება მოძიებულ იქნეს პრეზიდეტის მრავალრიცხოვანი რეზიდენციების პრივატიზებით და სხვა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით“, –აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. პარტია საკანონმდებლო ინიციატივის პრეზენტაციას გეგმავს, რის შემდეგაც ინიციატივის პარლამენტში შესატანად კანონით გათვალისწინებულ 30000 ხელმოწერას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეაგროვებს. ხელმოწერების შეგროვება 2011 წლის მარტის ბოლოს დაიწყება.