სამართალი
გურჯაანის სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა

 საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. გურჯაანის სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და აღნიშნა, რომ ახალი გარემოებები წარდგენილი არ იყო.

ნემსიწვერიძემ ახალ გარემოებად არ მიიჩნია სასამართლო პროცესზე იმ ადამიანების მისვლა, რომლებიც დავით კირკიტაძეს თავდებში უდგებიან, რადგან ასეთი მოთხოვნა მისი მხრიდან არ ყოფილა.

დეპუტატებმა, რომლებიც სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ, დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

სასამართლოსთან საქართველოს პარლამენტის 30-მდე წევრი და ის ადამიანები იყვნენ შეკრებილი, რომლებმაც კირკიტაძისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნას მოაწერეს ხელი.

ნაციონალური მოძრაობისერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353- პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.