სამართალი
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო ნარკოტიკების ტრანზიტის მთავარი კორიდორი ხდება

us_department_logoსაქართველო ნარკოტიკების ტრანზიტის მთავარი კორიდორი ხდება. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლს ეხება. ანგარიშის მიხედვით, ამის მიზეზი საქართველოს მდებარეობაა ევროპასა და აზიას შორის. ანგარიშში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი მთავარი მარშრუტით ნარკოტიკები საბერძნეთიდან და თურქეთიდან საქართველოს გავლით დასავლეთ ევროპაში ხვდება. აქვეა აღნიშნული, რომ საქართველოს ნარკოტიკებთან დაკავშირებით შიდა პრობლემებიც აქვს. კერძოდ, შიდა ბაზარზე იყიდება ჰეროინი, სუბოტექსი, მეტადონი და მარიხუანა. დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნარკომანიასთან ბრძოლა 2010 წლის პრიორიტეტად გამოაცხადა. „2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ბევრი ე.წ. კანონიერი ქურდი დააპატიმრა, ზოგი კი ქვეყნიდან გაიქცა. ეს კრიმინალები საქართველოში აღარ არიან, მაგრამ მათ მაინც აქვთ გავლენა ქვეყანაში კრიმინალურ საქმიანობაზე“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. აქვე ნათქვამია, რომ მთავრობამ დაიწყო მაღალი თანამდებობის პირებთა შემოწმება ნარკოტიკების მოხმარებაზე.