საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, საქართველოში დღემდე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ორი პარტია მოქმედებდა - ექსმმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კადრების ნაწილის ბაზაზე შექმნილი „ევროპული საქართველო“ (ლიდერები - უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა). და აი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიის სახემ - განსვენებული პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილმა თაკო ჩარკვიანმა - სააკაშვილის მომხრეებისგან მესამე პარტია შექმნა, რომელსაც, ბედის ირონიით, „კანონი და სამართალი“ დაარქვა.
„სად არის ფუფუნება, ორი ნათელი პოლიტიკოსი, გრიგოლ ვაშაძე და გიორგი ვაშაძე გვერდზე გავწიოთ“, – ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა მისი პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობის დაწყების წინ განაცხადა.
მისივე თქმით, მის პარტიას ყველასთან ექნება ურთიერთობა, მათ შორის, გაერთიანებულ ოპოზიციასთანაც.
„ჩვენ ერთად არჩევნების მეორე ტური დავდეთ, რაზეა საუბარი. სად არის ქვეყანაში ფუფუნება, აქვს ხელისუფლებას ფუფუნება, რომ პოლიტიკიდან, დღევანდელი ხელისუფლებიდან გავწიოთ გრიგოლ ვაშაძე და გიორგი ვაშაძე? ორი ასეთი ნათელი პოლიტიკოსი გვყავდეს და გაწიო? ეს ხომ სისულელეა. რა თქმა უნდა, ერთად, ამისტები, იმისტები, საქართველოისტები – ვიხუმრე“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.
ჩარკვიანის თქმით, მისი ახალი პოლიტიკური გაერთიანება სრულიად დამოუკიდებელია.
„ფინანსებიდან დაწყებული, ყველაფერი ღია იქნება. ჩვენ ისე გავაკეთეთ, რომ ფანჯრებიც კი რაღაცნაირად გამჭვირვალეა იქ, პირველ სართულზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ვიურთიერთებთ, აბა რა! ჩემი პირობა იყო იქ ერთი, თხოვნა და გაითვალისწინეს ეს პირადად ჩემს გუნდში. მე ვთქვი, რომ ძალიან რუსული ვექტორის პარტიებს, ვფიქრობ, იმდენად განსხვავებული პლატფორმა გვაქვს, არ იქნება ეს ყრილობა მათთვის საინტერესო და ამიტომ არ მგონია, რომ ისინი უნდა დავპატიჟოთ-მეთქი. დანარჩენი, უკლებლივ ყველა მოვა დღეს პარტიის დაფუძნების ყრილობაზე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თბილისში, „ექსპო ჯორჯიაში“, სადაც პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარეობდა, თაკო ჩარკვიანმა საკუთარი გუნდი წარადგინა.
მანამდე კი პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელი პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამას - მალხაზ მაჩალიკაშვილს მიესალმა.
„მინდა, ჩემი გუნდის წევრებს ვთხოვო, აქ ამოვიდნენ, ირაკლი ღლონტს, მიშა რამიშვილს, ქეთი ენუქიძეს, გიორგი ცობეხიას, ჩემს საყვარელ ახალგაზრდებს – თამარ პატარაიას, მარი საველიძეს. რატომ შეიქმნა ეს პარტია. ვიღაც იფიქრებს, პარტიების მეტი რა არის, 30 წელიწადზე მეტია, მგონი, არც არაფერს ვაკეთებთ. დავფიქრდი პარტიის ლოგოზე, ლოგოა „კანონი და სამართალი“. ჩემი ცხოვრების ლოგოა საქართველო. ამიტომ მეორე ტურის შემდეგ ვთქვით, რომ პარტიაში გაერთიანდნენ იმისტები, ამისტები, ყველანი გავერთიანდეთ, ვიურთიერთობოთ გაერთიანებულ ოპოზიციასთან და სხვა პარტიებთან ერთად გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ კრიზისიდან“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
დამფუძნებელ ყრილობას ესწრებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებიც.
საქინფორმი აღნიშნავს, რომ ახალი პარტიის „პანკისური აქცენტი“ და დამფუძნებელ ყრილობაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის დასწრება შემთხვევითი არ არის - როგორც ცნობილია, სააკაშვილი საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობდა, რისთვისაც არჩევნებამდე რუსთაველის გამზირზე ე.წ. „შვილმოკლული მამების კარვების აქციას“ გაუკეთა ორგანიზება, რომელიც საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დღემდე გრძელდება.
საქინფორმი