პუბლიკაციები
ბოლოს და ბოლოს, შევებრძოლებით თუ არა ვაჰაბიტურ ექსტრემიზმს?! - გულბაათ რცხილაძე სპეციალურად საქინფორმისთვის

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. შვეიცარიიდან მიღებულმა ცნობებმა მიბიძგა აზრისკენ, დამეწერა წინამდებარე სტატია. «შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ სირიასა და ერაყში ტერორისტული დაჯგუფებების მხარეს მებრძოლები, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, წარდგებიან სასამართლოს წინაშე. ხელისუფლების გადაწყვეტილება აიხსნება უსაფრთხოების ინტერესებით... ბერნში მიიჩნევენ, რომ ტერორისტული ქმედებები კანონით უნდა დაისაჯოს იმ ქვეყანაში, სადაც დანაშაული იქნა ჩადენილი. თუკი სისხლის სამართლებრივი დევნა შეუძლებელია სახელმწიფოში, რომელშიც კანონი დაირღვა, შვეიცარია იღებს ვალდებულებას, თავის მოქალაქეებს ამ კანონდარღვევების გამო პასუხი მოსთხოვოს სასამართლოს ძალით, შვეიცარიაში ან იმ სახელმწიფოში დაბრუნებისთანავე, რომელთანაც შვეიცარიას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება იურიდიული ურთიერთდახმარების თაობაზე», - იუწყებიან საინფორმაციო სააგენტოები.

ეს ფაქტი ძალზე მნიშვნელოვნად და სამაგალითოდ მიმაჩნია საქართველოსთვის. თვით ევროპის ცენტრში მდებარე მდიდარი შვეიცარიაც საფრთხედ აღიქვამს ვაჰაბიტ-ისლამისტებს, იმავე ტერორისტებს. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, რომელიც მდებარეობს აზიელი მუსლიმების ევროპისკენ მიმავალი მარშრუტის გზაჯვარედინზე.

საქართველოს უშიშროების ორგანოებმა შედარებით მცირე ხნის წინ აღიარეს ქვეყანაში ე. წ. ისლამური სახელმწიფოს ხელშემწყობი ბაზის არსებობის ფაქტი, კერძოდ, პანკისის ხეობაში. ქვეყანას მოუწია სისხლიანი დრამის გადატანამ თბილისში, ბერი გაბრიელის ქუჩაზე, რომელსაც ქართველი სამართალდამცავების წარმომადგენელი ემსხვერპლა. მაგრამ უკვე იმ მომენტისათვის იყო ცნობილი, რომ ბოევიკები აქტიურად ახდენენ ქისტი ახალგაზრდობის და თვით შუა ხნის მამაკაცების რეკრუტირებას სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით. ბევრი მათგანი არა მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას, არამედ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მასობრივ ხოცვა-ჟლეტასა და ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებაში. ამასთან, როგორც წესი, მეტწილად ზიანს აყენებდნენ ამ ქვეყნების მცხოვრებთა არამუსლიმურ ნაწილს.

პანკისის ხეობის ფარგლებს გარეთაც არის ცნობილი, რომ ხეობის მრავალმა წარმომადგენელმა გაიარა პრაქტიკა ტერორისტულ ორგანიზაციებში. თავად ქისტები არ მალავენ ახალგაზრდობის მასობრივ გადინებას ჯიჰადში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ სახელდება განსხვავებული ციფრები: 250-იდან 300 კაცამდე. ეს უზარმაზარი ციფრია არა მხოლოდ პანკისის, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ზოგი მათგანი სირიაში რამდენიმეჯერ არის ჩასული. სახლში ისინი დასასვენებლად ბრუნდებოდნენ და თან ჯიჰადის საშუალებით იოლი ფულის შოვნის მსურველების წრეს აფართოებდნენ.

ამ ბატალიონს (მათი სანათესაოსა და სხვა ხელშემწყობების გათვალისწინებითმსხვილ სამხედრო დანაყოფს), რომელსაც აქვს პარტიზანული ომის წარმოების პრაქტიკა და მშვიდობიანი მოსახლეობის უმიზეზო დახოცვის უნარ-ჩვევები, შეუძლია, პრობლემა შეუქმნას საქართველოს მომავალს. მაგრამ საქართველოში გამოზრდილი ტერორისტების ოფიციალურად აღიარებული რიცხოვნობა ხელოვნურად და მკვეთრად არის დაკლებული; ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ სხვადასხვა ტერორისტული ჯგუფების რიგებში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა შეადგენს 30 პირს და არც ერთი მათგანი საქართველოში არ დაბრუნებულა.

მაგრამ რა ვუყოთ უბრალო არითმეტიკას? ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრისთვის სირიაში დაღუპული იყო პანკისში დაბადებული 31 პირი, აჭარისა და საქართველოს სხვა რეგიონებიდან გამოსული პირების ჩაუთვლელად. ეს მონაცემები, კონკრეტული გვარ-სახელების, ასაკისა და დაბადების ადგილის მითითებით, შეაგროვეს ქისტური რადიოსადგურის, Pankisi Radio WAY-ის თანამშრომლებმა და გამოქვეყნებულია უფლებადამცველთა ვებგვერდზე www.humanrights.ge. სირიაში მოკლულ ბოევიკთა შორის არიან რეგიონის ფარგლებს გარეთ ცნობილი და პატივცემული ადამიანების შთამომავლები (მაგალითად, მწერალ სულეიმან გუმაშვილის შვილი და შვილიშვილი), ასევე სამართალდამცავი და მმართველობითი ორგანოების თანამშრომელთა შვილები. ქისტებს რეგულარულად უწევთ მეზობლების ეზოებში შეკრება, რათა სირიის უდაბნოში მათი ნათესავის დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოხატონ.

აუცილებელია, სამართალდამცავები გადავიდნენ დაურეგისტრირებელი იარაღის აქტიურ ამოღებაზე, რომელიც უხვად აქვთ პანკისში ვაჰაბიზმის მომხრეებს. არ არის საჭირო, გვეშინოდეს ქისტების წყენინები, რადგან სინამდვილეში ქისტების უმრავლესობას არ უყვარს ვაჰაბიტები და ისინი უბრალოდ იძულებული არიან, შეეგუონ ამ უკანასკნელთა გავლენას. თუკი ადგილობრივი მოსახლეობა იგრძნობს სახელმწიფოს მხარდაჭერას, ვითარება ბევრად გაუმჯობესდება. ძალოვნების ავტომანქანებით ფორმალური პატრულირება აშკარად არასაკმარისია.

ჯერჯერობით კი პანკისში გრძელდება კანონით შეუზღუდავი იდეოლოგიური პროპაგანდა. ჩვენი პარლამენტი უამრავ ფუჭ კანონს ღებულობს, ნაცვლად იმისა, რომ ბოლოს და ბოლოს საკანონმდებლო დონეზე შეზღუდოს სარწმუნოების თავისუფლების პრინციპით შენიღბული ექსტრემისტები. ექსტრემისტებს ჰყავთ ახალგაზრდული ფრთა, რომელიც იბირებს, ამზადებს და თურქეთში „სამუშაოდ“ აგზავნის ახალგაზრდებს. თითქმის ყველა დასახლებული პუნქტის ახალგაზრდა იმამი ნამყოფია ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის შეიარაღებულ კონფლიქტებში. მათი მოღვაწეობა დღემდე იმართება და ფინანსდება უცხოეთიდან, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების ლიდერების მიერ. მათ შორის არიან ჩვენი თანამემამულეებიც, მათ შორის, ცნობილი საველე მეთაური მურად მარგოშვილი (იგივე მუსლიმ ალ-შიშანი). არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ქისტებს შორის და თვით უხუცესთა საბჭოს წევრების გაუფრთხილებელი ინტერვიუ არ რჩება მისი ყურადღებისა და კომენტარის გარეშე, რაც, ხშირ შემთხვევაში, მუქარის ხასიათს ატარებს.

ვაჰაბიზმის მომხრეები იოლად აწყობენ მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებას. ხელისუფლებამ და მასმედიის უმრავლესობამ წაუყრუეს ალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ პანკისობის ზეიმის ჩაშლას, რაც ვაჰაბიტების შესაძლებლობებისა და ხელისუფლების სისუსტის დემონსტრირება იყო.

სიმართლეა, როდესაც ქართული სპეცსამსახურები ამბობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში საომრად გამსვლელთა ინტენსივობამ და რიცხვმა იკლო, მაგრამ ეს გახლავთ საბრძოლო მოქმედებების ზონაში ვითარების შეცვლის შედეგი. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის შიგნით საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების რიგების შევსების პოტენციალი შენარჩუნებულია. ის, თუ სად გამოიყენებენ მას მომავალში – მათი უცხოელი სპონსორების მიერ გადაწყდება.

რეალობა ასეთია, დროა, დასრულდეს სირაქლემის პოზაში დგომა!

გულბაათ რცხილაძე