საზოგადოება
ევროკავშირთან ურთიერთობა და ინტეგრაციის ხარისხი არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. ევროკავშირთან ურთიერთობა და ინტეგრაციის ხარისხი არასოდეს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე; ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება, რასაც გაფრთხილება სჭირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ბრიუსელში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეხუთე სხდომაზე საქართველომ ევროპელი პარტნიორებისგან ძლიერი გზავნილები კიდევ ერთხელ მოისმინა.

აქვე მინდა შევეხო 21 ნოემბრის ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის შესახებ შეხვედრასაც, სადაც კონკრეტული მიმართულებები გამოვყავით და აქტიურად ვმუშაობთ. შესაბამისად, ბრიუსელის შეხვედრა ამ თვალსაზრისითაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ჩვენ მოვახდინეთ იმ პროექტების პრიორიტეტიზაცია, რომლებიც შემდეგი წლების განმავლობაში ჩვენი ერთობლივი მუშაობის გეგმის ნაწილი იქნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან და ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან უმაღლეს დონეზე შეხვედრებისას განხილული იყო საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხები და დაგეგმილი რეფორმები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი - ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა.

საგზაო რუკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა, რათა რაც შეიძლება დაჩქარდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს იყო პირველი პრეზენტაცია, რომელიც წარვუდგინეთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს შიდა მოხმარების მსგავსი დოკუმენტი, რომელიც იქნება კონკრეტულად გაწერილი და შედეგებზე ორიენტირებული, რათა ქართულ საზოგადოებას ადვილად შეეძლოს გაზომვა, როგორ პროგრესირებს საქართველო ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.