ოპოზიციური პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის, რათა განხორციელდეს საზოგადოების კონტროლი პოლიციაზე და თანამონაწილეობა სამინისტროს საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრაში.
„ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 3 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიციის დეპოლიტიზაცია ერთ–ერთი მთავარი საკითხია „ახალ საარჩევნო გარემოში, რომლის მთავარ ელემენტს წამოადგენს სწორედ პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების დისტანცირება საარჩევნო პროცესიდან“.პარტია საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის აუცილებლობას იმითაც ხსნის, რომ „იმატა პოლიციელების მხრიდან თვითნებური ქმედებებისა და უფლებამოსილებების გადამეტების ფაქტებმა, რაც უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს“.
პარტიის განცხადებით, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები აპრობირებულია ევროპულ ქვეყნებში და ეს „კარგი საშუალებაა პოლიციის მუშაობის ეფექტური ზედამხედველობისთვის, მისი გამჭვირვალობისთვის, პოლიციის მხრიდან კონკრეტული სამართალდარღვევების გამოვლენისა და ამ ფაქტებზე სწრაფი რეაგირებისთვის“.