აქტუალური
ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველო ლიეტუვის სამაგალითო გზას მიჰყვება

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველო ლიეტუვის სამაგალითო გზას მიჰყვება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს და ლიეტუვას მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს.

საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე გაიხსენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტი საქართველოში და ქართველი ხალხისათვის დამოუკიდებლობის დღის ქართულ ენაზე მილოცვა და აღნიშნა, რომ ეს არის სიმბოლო პატივისცემისა და მეგობრობისა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს დღეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის იმ გზის გავლა უწევს, რომელიც უკვე გაიარა ლიეტუვამ, ამ გზაზე ლიეტუვა საქართველოს წინ მიდის, ეს გზა საქართველოსათვის სამაგალითო გზაა, გზა ნატოსა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

მისივე თქმით, საქართველოს ლიეტუვის მეგობრობა და მხარში დგომა სჭირდება – მეტი ევროპა საქართველოში, მეტი საქართველო ევროპაში – ამ მიმართულებით მოძრაობს საქართველო, რაც ნიშნავს საქართველოს ევროკავშირის პროგრამებში მაქსიმალურ ჩართულობას.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ იცის, რომ ნატოსთან მიმართებაში პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, თუმცა საქართველოს სრული მზადყოფნა აქვს. სამხედრო თუ სხვა რეფორმების კუთხით საქართველო გადასულია გადამწყვეტ ეტაპებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ საუბრისას ვიზიტის ფარგლებში კიბერუსაფრთხოების სფეროში განზრახულობათა დეკლარაციის ხელმოწერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის განუხრელი მხარდაჭერისთვის, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიასთან მიმართებაში სანქციების თაობაზე, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის.