უცხოეთი
რუსეთში ყალბი ახალი ამბების გავრცელება და სახელმწიფოს შეურაცხყოფა კანონით დაისჯება

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე, საბოლოო მოსმენით ყალბი ახალი ამბების გავრცელებისა და სახელმწიფოს შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტები დაამტკიცა. ყალბი ამბების გავრცელების შესახებ კანონის დარღვევა 30 ათასიდან 1,5 მილიონ რუბლამდე (400-დან 20 ათას ევრომდე) ჯარიმას ითვალისწინებს.

მესამე მოსმენისას ყალბი ახალი ამბების შესახებ კანონპროექტში შესწორებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, ონლაინ-მედიასაშუალებები ყალბი ახალი ამბების გავრცელების შემთხვევაში ჯერ წინასწარ გაფრთხილებას მიიღებენ, რის შემდეგაც მათ არასწორი ინფორმაციის წასაშლელად 24-საათიანი ვადა ექნებათ.

თუ ინტერნეტ-გამოცემა „როსკომნადზორის“ მითითებებს არ შეასრულებს, დაიბლოკება და დაჯარიმდება. ამასთან, არარეგისტრირებული ონლაინ-მედიასაშუალებები და მომხმარებელთა ანგარიშები გაფრთხილების გარეშე დაიბლოკებიან. კანონი რ ვრცელდება ტრადიციულ მედიასაშუალებებზე.

დოკუმნეტს რუსეთის სახელმწიფო დუმის 322-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 78 წინააღმდეგი იყო.

ანალოგიური შესწორებები შევიდა კანონპროექტში საზოგადოებისა და სახელმწიფოს შესახებ შეურაცხმყოფელი პუბლიკაციების შესახებ. დოკუმენტის თანახმად, დაიბლოკება ის ინფორმაცია, რომელიც აშკარა უპატივცემულობას გამოხატავს და ადამიანის ღირსებასა და საზოგადოებრივ ზნეობას შეურაცხყოფს. აღნიშნულ კანონპროექტს 327-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 40 იყო, ერთმა კი, თავი შეიკავა.

კანონპროექტების კრიტიკოსები შიშობენ, რომ რუსეთის ხელისუფლება ორივე კანონს მისთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელების დასაბლოკად გამოიყენებს.

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატა – ფედერაციის საბჭო ორივე დოკუმენტს 13 მარტს განიხილავს,

დამტკიცების შემთხვევაში, კანონპროექტები ხელმოსაწერად ვლადიმერ პუტინს გადაეგზავნება.

1tv.ge