უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესაძენად შეთანხმება გაფორმებულია და უკან დასახევი გზა არ არსებობს

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ეს-400″-ის შესაძენად შეთანხმება უკვე გაფორმებულია და უკან დასახევი გზა არ არსებობს.

„ეს იქნებოდა არაეთიკური, თუ ჩვენ შეთანხმებას ვაფორმებთ დავიცავთ კიდეც მას,“ – აცხადებს პრეზიდენტი.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ სარაკეტო სისტემის პირველ პარტიას ქვეყანა ივლისის თვეში უკვე მიიღებს. თურქეთის ლიდერი ასევე არ გამორიცხავს რუსეთთან „ეს-500“-ის შესაძენად შეთანხმების გაფორმებასაც.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ანკარას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განთავსების შემთხვევაში, „ეფ-35″ ტიპის ავიაგამანადგურებლების ერთობლივი პროგრამის შეჩერებითა და სანქციებით დაემუქრა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ამერიკული სისტემების განთავსებაზე ჯერ კიდევ ექსპრეზიდენტ ბარაქ ობამასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ეს საკითხი დონალდ ტრამპთანაც განიხილეს, თუმცა ერდოღანის თქმით, ანკარისთვის მიუღებელია ამერიკული მხარის პოზიცია.

„გადმოგცემთ სისტემებს, თუმცა მისი გასაღები ჩვენ გვექნება. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ საქმე ასე არ გამოვა,“ – აცხადებს ერდოღანი.

1tv.ge