პოლიტიკა
სააკაშვილის პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, შესაძლოა, გაერთიანდნენ

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები კონსულტაციებს მართავენ.

პირველი არხის ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრას ესწრებოდნენ გიგი უგულავა, აკაკი ბობოხიძე, ზურაბ მელიქიშვილი, ნიკა მელია და კიდევ რამდენიმე წევრი. არ არის გამორიცხული, კონსულტაციები საპარლამენტო უმცირესობის სტატუსთან დაკავშირებით მიმდინარეობდეს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე დღის წინ მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა ფრაქცია „ევროპულ საქართველოს“, რომელმაც უმცირესობის სტატუსი დაკარგა.

ამ დროისთვის, „ევროპულ საქართველოს“ პარლამენტში 20 დეპუტატი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ექვსი. იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაერთიანდებიან, „ევროპული საქართველო“ უმცირესობის სტატუსს ამ ეტაპზე შეინარჩუნებს.