პოლიტიკა
მოლაპარაკებების მეთხუთმეტე რაუნდი ჟენევაში

jenevaaდღეს, 4 მარტს, ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების მეთხუთმეტე რაუნდის მთავარი თემა ისევ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება იქნება.

ძალის გამოუყენებლობის საკითხი უკვე დიდი ხანია, უთანხმოების წყაროს წარმოადგენს ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებებში, რომლებიც თბილისის, მოსკოვის, ვაშინგტონის, სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენელთა მონაწილეობით იმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მე–15 რაუნდზე მოუწოდებს რუსეთს, ძალის გამოუყენებლობის ისეთივე ვალდებულება იკისროს, რაც პრეზიდეტმა სააკაშვილმა ნოემბერში ევროპარლამენტში გამოსვლისას აიღო და შემდეგ წერილობით დაუდასტურა ევროკავშირს, ეუთოს, გაეროს, ნატოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს.

„აღნიშნული ქმედებით რუსეთი დაამტკიცებს, რომ მას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები ამოძრავებს და ის არ აპირებს ახალი აგრესიის განხორციელებას სუვერენული მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

რუსეთი აცხადებს, რომ არ აპირებს ამგვარი ვალდებულების აღებას, ვინაიდან მას არ მიაჩნია საკუთარი თავი კონფლიქტის მხარედ და სანაცვლოდ მოუწოდებს თბილისს, ცხინვალსა და სოხუმთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებებს მოაწეროს ხელი.

24 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ, მართალია, თბილისმა ნოემბერში ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა დადო, მაგრამ მას შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის სამხედრო რიტორიკამ „მნიშვნელოვნად გააუფასურა“ საქართველოს პოზიცია და ცხინვალისა და სოხუმის შეშფოთება გამოიწვია.

„ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ეცდება, ჟენევაში ძალის გამოუყენებლობის იურიდიული დოკუმენტების ხელმოწერას მიაღწიოს. რუსული მხარე მხარს უჭერს საკითხის ამგვარად დაყენებას“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

საქართველო აცხადებს, რომ მოსკოვის მიერ თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების მოთხოვნა „მიზნად ისახავს მხოლოდ მარიონეტული რეჟიმების სამართლებრივ ლეგიტიმაციას და წარმოადგენს უსუსურ მცდელობას, თავიდან აიცილოს საკუთარი პასუხისმგებლობა ძალის გამოუყენებლობაზე“.

საქართველოს საგარეო უწყებამ 2 მარტს განაცხადა, რომ მეორე საკითხი, რომელსაც ის ჟენევის მოლაპარაკებებზე დააყენებს, არის „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაარსების აუცილებლობა“. თბილისის სურვილია, სეპარატისტულ რეგიონებში იხილოს „საერთაშორისო მშვიდობისმყოფელები და საპოლიციო ძალები“. განხილული იქნება დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხიც, – განაცხადა საგარეო უწყებამ და იქვე დასძინა, რომ „რუსეთი ბლოკავს დაბრუნების პროცესს სხვადასხვა მიზეზით“.

„ამჯერად ვიმედოვნებთ, რომ მოსკოვი გზას გაუხსნის პროცესს და საგნობრივი განხილვები გაიმართება დაბრუნების მოდალობებზე დისკრიმინაციის გარეშე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის – სამხრეთ ოსეთის ყველა ნაწილში“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.