პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიურ ანგარიშში საზოგადოებისთვის დეზინფორმაციის სახიფათოობაზე განაცხადა

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ვერ დავხუჭავთ თვალს იმ საფრთხეზე, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს, მთელ საზოგადოებას ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციების სახით ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოში, და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, პოლარიზაციამ უკიდურესი ხასიათი მიიღო.

ძალადობრივი გარემო თითოეული ადამიანის ცხოვრებაში აღწევს. საზოგადოება ელოდება ამ ვითარების ჩაცხრობას. მას სჭირდება დამშვიდება და შერიგება. ეს შეუძლებელი იქნება, თუკი რაიმე ფორმით ცივილიზებულ ჩარჩოებში არ მოვაქცევთ საინფორმაციო და სოციალურ ქსელებში განვითარებულ პროცესებსდეზინფორმაციის, ცილისწამების, სიძულვილის ენის, პირადი ცხოვრების კადრების ნიაღვარი უნდა შევაჩეროთ.

როდესაც მედიასივრცე მოცულია დამახინჯებული და ყალბი ცნობებით, ჩნდება უნდობლობა ყველანაირი ინფორმაციის მიმართ. ამის შედეგად საზოგადოება ინფორმაციის მიღმა შეიძლება დარჩეს, რაც მას ართმევს ანალიზის საშუალებას, გზას უხსნის შეთქმულების თეორიებს და აყალიბებს ძალადობრივ გარემოს.

დაცული და ობიექტური ინფორმაციის გარეშე ვერც დემოკრატიული სისტემა და ვერც სახელმწიფო სტაბილურობა ვერ შენარჩუნდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზეც ილაპარაკა.

უმძიმესი ტრაგედია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოხდა, მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დაგროვილი სიძულვილისა და ერთმანეთის გაუტანლობის შედეგია. იმ რეალობაში, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის დეფიციტია, საზოგადოება, და უპირველესად, ახალგაზრდები ჩვენგან მაგალითს ელოდებიან. საზოგადოებრივი თანხმობა ერთადერთი პასუხია ამ მოლოდინზე. მე გამოვედი ასეთი ინიციატივით, რამაც გამოიწვია ორმაგი დამოკიდებულება და შიში იმისა, რომ იგი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ იყო მიმართული.

თუმცა, ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების დაცვა არის უმთავრესი პრინციპი, რაზეც დგას თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო. მეორე მხრივ კი ვერ დავხუჭავთ თვალს იმ საფრთხეზე, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს და მთელ საზოგადოებას ცილისწამებისა და ცრუ ინფორმაციების სახით ემუქრება.

ამ ფორმით არჩევნებში ჩარევა ან დესტაბილიზაციის პროვოცირება გახდა ახალი ხერხი მტრული ძალებისთვის. ამას ეხმიანება ეუთო- მიერ გაცემული რეკომენდაციები, ამას პასუხობს ევროკავშირშიდემოკრატიის დაცვის ცენტრისდაფუძნების ახალი იდეა და ახალი რეგულაციები რიგ ქვეყნებში, თუნდაც ინგლისის სამეფო კარის განცხადება. ჩემს ინიციატივას უკვე მოჰყვა კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან და ეს პროცესი გაგრძელდება. იმედი მაქვს, შევძლებთ ერთობლივი რეკომენდაციების წარდგენას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოვიდა. გამოსვლას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.