პოლიტიკა
ლევან გაჩეჩილაძე: „ბაქრაძე და მისი თანაგუნდელები გადმოვიდნენ ჩვენთან და ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდება“

gachechiladze22„ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ სანდრო ახმეტელის თეატრში გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და პარლამენტის თავმჯდომარის – დავით ბაქრაძის მიერ ოპონენტებთან დიალოგის მზაობაზე გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ჩვენი ულტიმატუმია – საქართველო სააკაშვილისა და მისი კრიმინალური ბანდის გარეშე. ბაქრაძის თამადობით, მოვუწოდებთ ყველას, გადმოვიდნენ ჩვენთან და მერწმუნეთ, ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდება. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქართველი ხალხი მალე იტყვის – „საქართველო ნაციონალური მოძრაობის გარეშე!“ – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე, მეჩანგლე ბაქრაძე, ძალიან ეცოდება.

„როგორც კი გაიგეს ჩვენი კონფერენციების შესახებ, მაშინვე დაიწყეს პასუხად დიალოგებზე საუბარი, თან ისეთმა ხალხმა, რომ მათთვის ეს მუხლების კანკალს ნიშნავს. ჩვენ ერთი თვის წინ ვიყავით მათთვის მიუღებელი სოციალური და პოლიტიკური სექტა. დღეს უცებ კანკალით დიალოგის ხელია გამოშვერილი. ეს არის ამ გაზაფხულზე დამდგარი ჩვენი პირველი გამარჯვება“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, აქცენტი ქვეყნის გარეთ მაგალითების ძებნის ნაცვლად, ქვეყნის შიგნით კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტაზე გააკეთონ და ოპონენტებთან მოსახლეობის პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით დიალოგის მზადყოფნა გამოთქვა.