საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი დაკარგა. ბიუროს სხდომაზე გია ჟორჟოლიანისა და მირიან წიკლაურის უმრავლესობიდან წასვლის თაობაზე განცხადება შევიდა, რის შემდეგაც საპარლამენტო უმცირესობის მიღმა უფრო მეტი დეპუტატია.
კერძოდ, ამ დროისთვის „ევროპული საქართველო“ პარლამენტში წარმოდგენილია 20 დეპუტატით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ექვსი კანონმდებელი ჰყავს, „პატრიოტთა ალიანსში“ კი, გია ჟორჟოლიანისა და მირიან წიკლაურის გადასვლის შემდეგ, უკვე შვიდი დეპუტატი იქნება. ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატები არიან ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ნატო ჩხეიძე, მამუკა ჩიქოვანი, დავით ჭიჭინაძე და ზვიად კვაჭანტირაძე. საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ 21 დეპუტატია, რაც საპარლამენტო უმცირესობის დაშლის საფუძველია.
გასულ კვირას „ევროპულ საქართველოს“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო უმცირესობის შენარჩუნების მიზნით კონსულტაციები შესთავაზა, თუმცა ეს მოლაპარაკებები არ გამართულა.
რეგლამენტის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის არსებობა ნიშნავს პოლიტიკური დებატების დროს 45 წუთის გამოყოფას, ასევე აპარატის ფუნქციონირებას და კვოტებს საერთაშორისო დელეგაციებში.
რეგლამენტის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმცირესობა იშლება, ეს საპარლამენტო უმრავლესობის არსებობაზე გავლენას ვერ ახდენს.