აქტუალური
არასწორია, შანტაჟად შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელი ორგანოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებაა! - საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება

 საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. არასწორია, შანტაჟად შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელი ორგანოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებაა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული.

ეროვნული ბანკი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.

კომერციულ ბანკში გამოვლენილი დარღვევის ადეკვატური სანქციის გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველის, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.

ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები დაკონკრეტებულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამ ჩამონათვალში არის, მათ შორის, მარეგულირებლის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ბანკის ადმინისტრატორების ხელმოწერის შეჩერება და/ან თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წარსულშიც გამოუყენებია.

შესაბამისად, არასწორია, შანტაჟად შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი მას და ბადრი ჯაფარიძეს აშანტაჟებდა.

ხაზარაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უნდობლობას უცხადებს და მისი პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს, – ამის შესახებ მან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

არ მინდა, გამიგოთ, რომ რაღაც რაღაცას ებმის ან ამას ვიყენებ რამე თავდაცვის მექანიზმად. მე მინდოდა, მთელი სურათი მეჩვენებინა თქვენთვის და ბოლოს, სრულ უნდობლობას ვუცხადებ, ასე ვთქვათ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და და მისი მოადგილის კომპეტენციას. მინდა, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. არ ვიცი, მაქვს თუ არა ამის უფლება, ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, მაგრამ მე, როგორც მოქალაქეს და 27 წელი ამ ინდუსტრიაში ჩახედულ ადამიანს, მინდა, პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“, – მიმართა დეპუტატებს ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძე სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს.

არ ვიცი, მაქვს თუ არა უფლება და როგორ არის პროცედურულად, ასევე მოვითხოვ, შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც ყველა დეტალს, წერილს და კიდევ ბევრ ნიუანსს გაგაცნობთ და საქმის კურსში ჩაგაყენებთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.