პუბლიკაციები
კურორტ სოჭს დღედაღამ აშენებენ (წერილი მეორე)

olimpiada_31პირველ წერილში უკვე აღვნიშნე, რომ სოჭში დსთ-ს, ბალტიისპირელი და ქართველი ჟურნალისტების პრესტურის ინიციატორი იყო რუსეთის უდიდესი მულტიმედიური საინფორმაციო სააგენტო “რია-ნოვოსტი” და “ერთიანი საინფორმაციო ცენტრი”. საქართველოს კი საიფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი და ამ სტრიქონების ავტორი წარმოვადგენდით.
“რია-ნოვოსტის” შესახებ ისედაც ბევრი რამ არის ცნობილი(სხვათა შორის, ეს სააგენტო წლეულს 70 წლის ხდება და ყველას დავასწრებ - მოსკოვში ზაფხულისთვის დაგეგმილ საიუბი­ლეო ღონისძიებებამდე გაცილებით ადრე მინდა მივულოცო კოლეგებს ეს ღირსშესანიშნავი თარიღი! ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ამ პრესტურის, ევრაზიის მედიაფორუმებისა და სემინარებისთვის, რომლებიც ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლისა და კონტაქტების დამყარება-გაღრმავების საშუალებას გვალევს).

რაც შეეხება “ერთიან საინფორმაციო ცენტრს”, იგი სპეციალურად 2014 წლისთვის სოჭში დაგეგმილი 22-ე ზამთრის ოლიმპიური და 11-ე პარალიმპიური თამაშების გასაშუქებლად და ოლიმპიადისწინა მზადების მსოფლიოსთვის გასაცნობად 2009 წელს შეიქმნა რუსეთის მთავრობის განკარგულებით. მისი ორი ოფისიდან ერთი მოსკოვში, “რია-ნოვოსტის” შენობაშია განთავსებული (რა დამთხვევაა - ეს შენობა სპეციალურად 1980 წლის ოლიმპიადის საერთაშორისო პრესცენტრისთვის აშენდა თავის დროზე!), მეორე კი - უშუალოდ ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქში.
ჩვენ “ცენტრის” ოფისს კვლავ დავუბრუნდებით, როცა სოჭის მერთან - ანატოლი პახომოვთან შესახვედრად მიგვიწვევენ. ახლა კი ოლიმპიურ ობიექტებზე და ახალ დასახლებებში გამომყევით და ერთად ვნახოთ, რა შენდება იმერეთის დაბლობზე.

 

პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში

როგორც უკვე იცით, ოლიმპიური ობიექტები ორ - სამთო და ზღვისპირა კლასტერებად არის გაყოფილი. სამთო კლასტერმა ისეთი წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ვფიქ­რობდი, ნეტავ, აქ რაღა იქნება ისეთი, ასევე სასიამოვნოდ რომ გაგავაოცებს-მეთქი. როცა ამით დავინტერესდი, ჩვენმა თანმხლებმა, “რია-ნოვოსტის” პასუხისმგებელმა რედაქტორმა ვალერია პანინამ მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა და მიპასუხა, ამას ახლავე ნახავო...
იმერეთის დაბლობის ზღვისპირა ზონა ერთ დიდ სამშენებლო პოლიგონად არის გადაქცეული. უპირველესად, იმ ადგილს გვიჩვენებენ, სადაც ოლიმპიური სოფელი, პრესცენტრი და ტელეცენტრი განთავსდება. შენობის მაკეტი უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ წარმოვიდგინოთ, თუ რა პირობებში მოუწევთ მუშაობა ოლიმპიადის გასაშუქებლად სოჭში ჩასულ ჟურნალისტებს (სხვათა შორის, მთის კლასტერში უკვე შექმნილია ამგვარი პირობები). ამის შემდეგ კი იწყება სიების გადამოწმება და პასპორტების კონტროლი - მშენებარე ობიექტების უსაფრთხოებას აქაც განსაკუთრებულად იცავენ. 
ზღვისპირა კლასტერში, ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად, ოლიმპიური ობიექტები წრიულად იმგვარადაა განლაგებული, რომ ყველა მათგანის შემოვლას სულ რაღაც 20 წუთი სჭირდება.
ოლიმპიური პარკი - ცენტრალური სტადიონი, ყინულის სპორტის სასახლე, დახურული საციგურაო ცენტრი, ყინულის არენა კერლინგისთვის, დიდი და პატარა ყინულის არენები ჰოკეისთვის, - აი, ის ოლიმპიური ობიექტები, რომლებიც იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან, რომ მშენებლობის მთავარ გმირებს - მუშებს, უპირველესად, ოლიმპიური სოფლის მეზობლებს მისასალმებლად ხმის აწევაც არ დასჭირდებათ.
ჩვენთან შესახვედრად სახელმწიფო კორპორაცია “ოლიმპსტროის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრა კოსტერინა გამოემართა და საგანგებოდ მოწყობილ სტენდთან მიგვიწვია. მის საუბარში ნათლად იგრძნობა ოლიმპიური მშენებლობის მიმდინარეობისა და პერსპექტივის საფუძვლიანი ცოდნა:
“ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიური პარკი საერთოდ არ არის დამახასიათებელი, აქ კი ყველა ყინულის არენა გვერდიგვერდ არის განთავსებული და თანაც ძალიან ახ­ლოს. ყველა მათგანი ცარიელ ადგილზე შენდება, რადგან სპორტის ყინულის სახეობები სოჭის კლიმატურ პირობებს არ ეხამება, თუმცა ჰოკეის ახალგაზრდული გუნდი კი ჰყავთ,” - გვითხრა ალექსანდრა კოსტერინამ.
როცა უკვე აშენებული ობიექტების ოლიმპიადისშემდგომი ბედით დავინტერესდით, “ოლიმპსტროის” მიმხიბვლელმა წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ეს საკითხი უკვე ამთავითვე გადაწყვეტილია:
“არსებობს ასეთი გამოთქმა - “თეთრი სპილოები”. რასაკვირველია, სოჭს ამდენი ყინულის არენა არ სჭირდება და, სხვათა შორის, ეს დიდი პრობლემაა ბევრი ოლიმპიური ქალაქისთვის. ოლიმპიადის შემდგომ ამ ობიექტებს, უბრალოდ, ვერაფერში იყენებენ. არადა, მათი ექსპლუატაცია უზარმაზარ ხარჯებს მოითხოვს. ამიტომაც მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ობიექტების ნაწილი ასაწყობ-დასაშლელი იქნება.”
ყველა ამ ობიექტის არამარტო საოლიმპიადო, არამედ ოლიმპიადისშემდგომი ფუნქციაც უკვე განსაზღვრულია და ისე აშენებენ, რომ მათი ნაწილის დაშლა და სხვაგან გადატანა არ გაჭირდეს.მაგალითად, 12 ათას მაყურებელზე გათვლილი ყინულის სპორტის სასახლე, რომლის მშენებლობაც 2012 წელს უნდა დამთავრდეს ასაწყობ-დასაშლელი ტიპისაა და მისი გადატანა იგეგმება. ასეთი­ვეა ყინულის არენა კერლინგისთვის (3000 მაყურებელი, მშენებლობის დამთავრების ვადა - 2012 წელი), რომელსაც გადაიტანენ და ყინულის მცირე არენა (7000 მაყურებელი, მშენებლობის დამთავრების ვადა - 2012 წელი), რომლის “მითვისებასაც” რუსეთის სხვადასხვა ქალაქები ერთმანეთს ეცილებიან. დახურულ საციგურაო ცენტრში კი სამომავლოდ ველოტრეკის ან რუსეთის სამხრეთში ყველაზე დიდი ექსპოცენტრის მოწყობა იგეგმება.
სამაგიეროდ, სამუდამოდ ჩაიწერება სოჭის ისტორიაში, რომ 46 ათას მაყურებელზე გათვლილი ცენტრალური სტადიონი, რომელზეც მხოლოდ ოლიმპიადის გახსნა-დახურვისა და დაჯილდოე­ბის ცერემონიალები გაიმართება და რომლის მშენებლობაც 2013 წელს უნდა დამთავრდეს, ყინულის დიდი არენა (12 ათასი მაყურებელი, მშენებლობის დამთავრების ვადა - 2012 წელი) და დახურული სა­ციგურაო ცენტრი (8 ათასი მაყურებელი, მშენებლობის დამთავრების ვადა - 2012 წელი) ამ უნიკალურ კურორტს (ერთადერთ სუბტროპიკულ ზონას რუსეთში) სწორედ ზამთრის 22-ე ოლიმპიური და მე-11 პარალიმპიური თამაშების სახსოვრად დარჩა. რაც მთავარია, ყველა ობიექტი კაპიტალურად შენდება და ოლიმპიადის მასპინძლებს იმედი აქვთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენების წინაშე თავს არ შეირცხვენენ.
აქვე, ალბათ, უპრიანი იქნება, აღინიშნოს, რომ სოჭის ცენტრალური სტადიონი 2018 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩს უმასპინძლებს. ამიტომაც, ფიფას მოთხოვნით, გულშემატკივართათვის ადგილები თავდაპირველად დაგეგმილი 40-დან 46 ათასამდე გაზარდეს.
ვემშვიდობებით ოლიმპიური ობიექტების მშენებლებს და კიდევ ერთხელ თვალს ვავლებ მიდამოს, რომლის კომპაქტურობა მისი დამგეგმავების გონიერებაზე მიუთითებს. სულ რაღაც 20 წუთში ყველა მათგანს შემოივლი! ხოლო თუ მთის კლასტერში, კრასნაია პოლიანაზე გამგზავრებას გადაწყვეტთ, ამ სურვილსაც უმალ აისრულებთ: იქვე, ოლიმპიური პარკის რკინიგზის სადგურიდან, მატარებელი, წინა წერილში რომ გითხარით, იმ მაგისტრალით, 30 წუთში მიგიყვანთ ნამდვილ ზამთარში...

პატარა ევროპა - სადღაც აქვე, იმერეთის დაბლობზე

საქართველოში სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით პირველი, რაც შევიტყვეთ, ის იყო, რომ ხელისუფლებამ, ოლიმპიური ობიექტების ასაშენებლად, ადგილის გამოთავისუფლების მიზნით, იმერეთის დაბლობში მცხოვრებთ სახლები დაუნგრია და აიძულა, წასულიყვნენ. და ისინი უკმაყოფილონი იყვნენ. არ დავმალავ, მეც ასე ვფიქრობდი და, როდესაც ახალმშენებლობების დასათვალიერებლად გავემართეთ, დიდი ინტერესით (და, ცოტა არ იყოს, დაეჭვებით) ვუსმენდი “ოლიმპსტროის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელს - სიმა აივაზიანს. იგი იმ ადამიანების პრეტენზიების შესახებ გვიამბობდა, ვინც უარს აცხადებდა გადასახლებაზე და გვირჩევდა, დასკვნები მას შემდეგ გამოგვეტანა, როცა ახალ დასახლებას ვნახავდით. 
ათასამდე ოჯახმა გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ძალიან შორსაც არ გადასახლებულან: ზღვის ნაპირს სულ რაღაც 200 მეტრი აშორებთ. ვინც გადაასახლეს, უწინდელზე უკეთესი პირობებით უზრუნველყვეს, რაც საკუთარი თვალით ვიხილეთ სოფელ ნეკრასოვსკოეში. მაგრამ მათ მაინც ძველ ადგილზე ცხოვრება ერჩიათ, რადგან პლაჟის მეზობლად, გზის გადმოღმა ცხოვრობდნენ და დამსვენებლებისგან მეტ შემოსავალსაც იღებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ელემენტარულ საყოფაცხოვრებო პირობებს იყვნენ მოკლებული - გაზი და კანალიზაციაც კი არ ჰქონდათ... 
“იმ სოჭელებისთვის, ვისი გასახლებაც საჭირო გახდა, გამოიყო 138 ჰექტარი საერთო ფართობის შვიდი სამშენებლო მოედანი, სადაც 570-ზე მეტი ინდივიდუალური სახლი და 600-ზე მეტი ბინა აშენდება,” - გვითხრა სიმა აივაზიანმა.
ახლა სოფელ ნეკრასოვსკოეში 112 ერთმანეთისგან განსხვავებული სახლი დგას 770 კვ. მეტრი საკუთარი ეზოთი და ყველა კომუნიკაციით, მათ შორის, გათბობის ავტონომიური სისტემებით. სახლები პატრონებს, როგორც იტყვიან, “პოდ კლუჩ” ჩააბარა სახელმწიფო კორპორაცია “ოლიმპსტროიმ” და მობინადრეების ნახევარმა ახალმოსახლეობა უკვე იზეიმა.
გაჰყურებ ამ მონოლითურ სახლებს სოფლის მოასფალტებული გზის გასწვრივ და, რომ არა რეალობა, ვერაფრით იფიქრებ, თუ რუსეთის ერთ-ერთ სოფელში ხარ. 56-დან 570 კვადრატულ მეტრამდე ფართობის თითოეული სახლი ინდივიდუალური პროექტით არის აშენებული და საერთო არქიტექტურულ ანსამბლში იმდენად ბუნებრივად ჯდება, თავი ევროპულ დაბაში გეგონება (უნებლიეთ გამახსენდა წეროვანის ლტოლვილთა დასახლება, რომელსაც ხალხმა “გეტო” შეარქვა, თუმცა პირველი წერილის დაპირება არ დამვიწყებია - არც ერთი სიტყვა პოლიტიკაზე!)
მშენებლობისას გაითვალისწინეს ახალმოსახლეთა ინტერესებიც. მაგალითად, ერთ-ერთმა მათგანმა საცხოვრებელი სახლის დანგრევის სანაცვლოდ და საკომპენსაციოდ პატარა სასტუმროს აშენება მოითხოვა და მისი კუთვნილი ფართიც სასტუმროს ტიპის მიხედვით დაიგეგმა. ხოლო ერთმა ბებიამ სააბაზანო-ტუალეტის ვარდისფერი კაფელ-მეტლახით გაწყობა ისურვა, თუმცა მანამდე უბრალო სააბაზანოც არ ჰქონდა. ზოგიერთმა სანაცვლოდ ფულადი კომპენსაცია მიიღო და საკუთარი საბინაო პრობლემა თავად გადაწყვიტა, უმრავლესობამ კი ევროპულ სოფელში ცხოვრება ამჯობინა, რადგან ოლიმპიური პარკის აღმოსავლეთით განფენილი სოფელი ზღვასთანაც ახლოსაა და კომუნალური ინფრასტრუქტურაც სრულყოფილია.
ჩემმა კოლეგამ არნო ხიდირბეგიშვილმა პრეს-ტურის თითოეული მონაწილის სურვილი გაახმიანა და იხუმრა, - არ შეიძლება ერთი ასეთი სახლი, თუნდაც ერთსართულიანი, მეც რომ ამიშენოთო? პასუხად მასპინძლებმა გაიღიმეს, - თუ მოიტანთ იმერეთის დაბლობზე საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს, დიდი სიამოვნებით, პროექტი თქვენ თავად აირჩიეთო. მეტი რაღა დოკუმენტი იყო საჭირო, თვით ამ დაბლობის დასახელება ცოტას ნიშნავს? ესეც ხუმრობით, რასაკვირველია.
ხუმრობა ხუმრობად, არჩევანი კი მართლაც დიდია: ნეკრასოვსკოეს გარდა კიდევ ექვსი ასეთი დასახლებაა, სადაც როგორც კერძო, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებია. ზოგიერთი მათგანი უკვე დამთავრებულია და შიდამოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ზოგიერთი კი მშენებლობის სტადიაშია, თუმცა მაქსიმუმ 2013 წლისთვის ყველა მათგანი პატრონს ჩაბარდება.
და ბოლოს: ნეკრასოვსკოე არამხოლოდ კეთილმოწყობილი სახლებით, არამედ სრულყოფილი ინფრასტრუქტურითაც გამორჩეული სოფელი იქნება. აშენდება სკოლა, სავაჭრო და საზკვების ობიექტები, კულტურის ცენტრი და მოედანი ბავშვებისთვის. სოფელს ეთნოგრაფიული დასახლების სტატუსი აქვს, რადგან აქ იცხოვრებს თითქმის ყველა ადგილობრივი სტაროვერი. მათ ჯერჯერობით დროებითი სალოცავი სახლი აქვთ, შემდეგ კი ტაძარსაც აღმართავენ. ალბათ, აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ ქალაქის ხელისუფლებამ იმერეთის დაბლობზე ყოფილ მოსახლეთა ინტერესები გაითვალისწინა და იქ, სადაც ოლიმპიური სოფელი შენდება, არ გააუქმა სასაფლაო, რომელიც ოლიმპიური პარკის პერიმეტრზეა. სასაფლაოს მაღალ ღობეს შემოავლებენ. ოლიმპიადის სტუმრებისთვის ის, რასაკვირველია, დაკეტილი იქნება, ახლობლები და ნათესავები კი საფლავების მონახულებას კვლავაც შეძლებენ.
ბუნებრივია, ყველა ყოველთვის კმაყოფილი ვერ იქნება, თუმცა ოლიმპიადის მეზობლებმა რომ გვარიანად იხეირეს, ფაქტია. და არამხოლოდ მათ, - მთლიანად კურორტი სოჭი იძენს ახალ სახეს. ამის შესახებ კი ქალაქის თავმა ანატოლი პახომოვმა ისაუბრა, რომელსაც, სოჭელებთან ერთად, ქვეყნის ხელისუფლებამაც დიდი ნდობა გამოუცხადა და რომლის ოპტიმიზმიც მომავლისადმი იმედით გავსებს.

პახომოვი მესამე იქნება

სოჭის მერს - ანატოლი პახომოვს მკაცრი და მომთხოვნი ხელმძღვანელის იმიჯი აქვს. თუმცა ჟურნალიტებთან შეხვედრისას მის საუბარში უფრო საკუთარი ქალაქის სიყვარული და მისი აღორძინების ჟინი დავინახეთ. იგი ისეთი მონდომებით ცდილობდა ჩვენს დარწმუნებას კურორტის უნიკალურობაში, თითქოს ყოფილ საბჭოთა სივრცეში ვინმესთვის სიახლეა სოჭი და სოჭელთა სითბო. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ამ ზღვისპირას განფენილ ქალაქში, აქაურობა ტკბილ მოგონებად დარჩებოდა, ვინც არა და, - გადმოცემით მაინც იცის.
ამის თაობაზე თავად ანატოლი პახომოვმაც ისაუბრა, როცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2014 წლისთვის სოჭი არამხოლოდ ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობით მოიწონებს თავს, არამედ პოსტ­საბჭოთა სივრცის ქვეყნებისა და ხალხების ურღვევობასაც დაადასტურებს და მათ კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს.ამიტომაც, ძვირფასი სტუმრების დასახვედრად საგანგებოდ ემზადებიან, რადგან “ეს ოლიმპიადა ჩვენი საერთო ოლიმპიადაა!”.
წესით, პრესტურის ფარგლებში გამართული შეხვედრების რიგითობას თუ დავიცავდი, ქალაქის თავი მეორე წერილის გმირი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქალაქის ინფრასტრუქტურა იმდენად იცვლება, იმდენი სიახლეა დაგეგმილი კურორტის ცხოვრებაში, რომ ჯერ ოლიმპიური ობიექტები მოგატარეთ, დასკვნითი წერილისთვის კი სწორედ სოჭის აღორძინება-განვითარების პერსპექტივა შემოვინახე.
ასე რომ, პახომოვი იქნება მესამე. და აუცილებელი!

ბონდო მძინარაშვილი

http://geworld.net/society/1201.html