სამართალი
მირზა სუბელიანს ერთი წლითა და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოში მირზა სუბელიანის ბრალდების საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.

სასამართლომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი მიიღო.

მოსამართლე ლელა ნოზაძის გადაწყვეტილებით, მირზა სუბელიანის მიმართ წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა 375 მუხლზე და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლისა და ერთი თვის ვადით.

სასჯელის ვადის ათვლა დაკავების დღიდან დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ მირზა სუბელიანს საპატიმროში ყოფნის სამი თვე აქვს დარჩენილი.

ადვოკატები სუბელიანისთვის ყველაზე მსუბუქ სასჯელს - ფულადი სანქციის დაწესებას ითხოვდნენ.

მირზა სუბელიანს ბრალად ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის დანაშაულის დაფარვა ედება. გამოძიების ინფორმაციით, სუბელიანს მოზარდებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა საგამოძიებო უწყებებთან არ ითანამშრომლა. სუბელიანი წარდგენილ ბრალს აღიარებს. საქმის განხილვის ფარგლებში დაცვის მხარემ პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნო.