პოლიტიკა
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით სატრანსპორტო მიმართულებების ამოქმედება ცალკე, დამატებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი იქნება, აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 6 თებერვალს ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადაიდგა. მისი თქმით, შეიკრიბა და მოხდა სამუშაო ჯგუფის ფორმალიზება, რომელიც არის ქართულ-შვეიცარიულ-რუსული ერთობლივი კომიტეტი. კომიტეტმა უნდა აწარმოოს მონიტორინგი და უნდა წარმართოს სამუშაო ხელშეკრულების იმპლემენტაციის თვალსაზრით. ზურაბ აბაშიძის თქმით, არის რიგი საკითხები, რომლებზეც შეთანხმებაა საჭირო. ამის შესახებ მან "იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა.

რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ საზღვარზე ადგილებს, სადაც კონტროლიორი უნდა დადგეს, აბაშიძე ამბობს, რომ კონკრეტული ლოკაციები უკვე მონიშნული და შერჩეულია: "იქ უნდა დადგნენ არა შვეიცარიელი მებაჟეები, არამედ კერძო კომპანიის წარმომადგენლები, და თუკი ამ მიმართულებებით იქნება რაიმე ტვირთბრუნვა, ისინი ამ ტვირთების მონიტორინგს მოახდენენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მიმართულებები ავტომატურად გაიხსნება და ტვირთბრუნვა ავტომატურად დაიწყება ამ მიმართულებებით. ეს ცალკე, დამატებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი იქნება. ახლა მხოლოდ იმაზეა საუბარი, რომ ეს ტერმინალები განთავსდება, და თუ ტვირთი გაივლის, შვეიცარიული კომპანია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას ინფორმაციას მიაწვდის", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.