საზოგადოება
აფხაზეთში დარწმუნებული არიან, რომ ბელარუსი მათ დამოუკიდებლობას აღიარებს (ТАСС)

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა იმედოვნებს, რომ ბელარუსი ოკუპირებული აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“ აღიარებს. ამის შესახებ სერგეი შამბამ ოპოზიციური ძალების ბლოკის შეკრებაზე განაცხადა.

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა რუსულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბელარუსთან კარგი ურთიერთობა აქვთ.

ზაფხულში ბელარუსიდან ჩვენთან ტურისტები ჩამოდიან. ვიმედოვნებთ, როდსმე იქნება ბელარუსის მხრიდან აღიარება. ამ მომენტს დაველოდებით, – განაცხადა შამბამ.

ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებაზე ილაპარაკა დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ექსპერტების დეპარტამენტის უფროსმა. ასლან ბარციცის თქმით, ლუკაშენკო დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხელმძღვანელია და აფხაზეთში არ შეუძლიათ, მას რამე ურჩიონ ან უკარნახონ.

ჩვენ ვიღებთ ამ რეალობას ისე, როგორც არის, – აღნიშნა ბარციცმა.

მინსკში 1 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის გამო არ აღიარა.