სამართალი
თურქეთში ის ფეხბურთელები რჩებიან, რომლებსაც ქურდობას აბრალებდნენ

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. საფეხბურთო კლუბმა „ცხინვალმა“ თურქეთში შეკრება დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ ანტალიაში დარჩა ის ხუთი მოთამაშე, რომლებსაც, თურქული მედიის ცნობით, ქურდობას აბრალებდნენ.

ეს ფეხბურთელები რეალურად არც დაუკავებიათ. ისინი გამოკითხეს და ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მაგრამ ქვეყნიდან რამდენიმე დღით გაუსვლელობის შესახებ ხელწერილი ჰქონდათ და გუნდთან ერთად ამის გამო ვერ ჩამოვიდნენ. მაგრამ თურქეთში 1 მარტამდე დარჩებიან, ყველა ფორმალურ საკითხს მოაგვარებენ და დაგვიბრუნდებიან. მათთან ერთად დარჩა გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ლევან სანიკიძე, რომელიც საკითხს აგვარებს, – ეს პირველ არხთან კლუბის პრესატაშემ ზურაბ კარტოზიამ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ „ცხინვალის“ ხუთ ფეხბურთელს სამართალდამცავებთან პრობლემები თურქეთის ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში მომხდარი ინციდენტის შემდეგ შეექმნათ, მათ ქურდობის ბრალდება წაუყენეს.

კლუბის ცნობით, სავაჭრო ცენტრში გაუგებრობა მოხდა და ფეხბურთელებმა ყველა სადავო ნივთის შეძენის დამადასტურებელი ჩეკი წარადგინეს, რის შემდეგაც სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ ბრალდებების წაყენებაზე უარი განაცხადა.