საზოგადოება
საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, განვიცადეთ ერთნაირი ტრაგედიები, თუ რას ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორია - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ზაგულბას“ საპრეზიდენტო სასახლეში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე შეხვედრებზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები და მრავალმხრივი ურთიერთობების მიმართულებით საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია რეგიონში, საქართველოს მეგობარ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს თანამშრომლობა და პარტნიორობა აკავშირებს.

ჩვენი ქვეყნების მეგობრობას დიდი ისტორია აქვს. ძალიან ბევრი ტრადიცია გვაკავშირებს. ჩვენ დავიწყეთ თანამედროვე ცხოვრება ერთად.

100 წლის წინ ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთ დროს პატარა ფედერაციაც გვქონდა და ჩვენ ერთობლივად განვიცადეთ, რას ნიშნავს დამოუკიდებლობის დაკარგვა და რას ნიშნავდა განვლილი მძიმე წლები, რომლის წნეხიც ჩვენი სახელმწიფოების მშენებლობაზე დღესაც აღინიშნება.

ჩვენ ერთად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და ეს ბოლო წლები განვიცადეთ ერთნაირი ტრაგედიები. დღესაც განვიცდით იმას, თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორია, როცა შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჯერ არ არის აღდგენილი. ოკუპაციის ხაზები ჩვენთვის დღესაც ღია ჭრილობაა, რომელიც, ერთი მხრივ, ჩვენს განვითარებას აფერხებს, მაგრამ ამავდროულად, ამ ტრაგედიების მიუხედავად, ჩვენ მაინც შევძელით, გავაძლიეროთ და განვავითაროთ ჩვენი სახელმწიფოები, ეკონომიკა განვავითაროთ და ჩვენი გზა დამოუკიდებელ ქვეყნად განვაგრძოთ. ეს არ არის პატარა წარმატება და გამარჯვება.

ჩვენ არამხოლოდ წარსულზე, არამედ მომავალზეც ბევრი გვაქვს სასაუბრო. ვიმყოფებით რეგიონში, რომელსაც დიდი პერსპექტივები გააჩნია. ჩვენ ერთად განვახორციელეთ ბევრი პროექტი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გაფართოებული ფორმატით მიმდინარე შეხვედრაზე.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს.

ჩვენ პირისპირ შეხვედრაზე რეგიონული პრობლემები, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განვიხილეთ და კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

ჩვენ ერთად მრავალი საკითხი მოვაგვარეთ. აზერბაიჯანი და საქართველო ახლო მეგობრები და მოძმე ქვეყნები არიან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში კეთილმეზობლურ ატმოსფეროში მუშაობდნენ.

დღეს ვითარდება ჩვენი ურთიერთობები. ერთობლივად ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და კონტინენტისთვის“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.