საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მივცეთ მითითება საზღვრის სადელიმიტაციო კომისიას, განაახლონ მუშაობა და საბოლოოდ დავადგინოთ საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი საზღვარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა გამიჯვნის საზღვარი.
„ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივცეთ საზღვრის სადელიმიტაციო კომისიას მითითება, განაახლონ მუშაობა და ეს სამუშაო ბოლომდე მივიყვანოთ. საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა გამიჯვნის საზღვარი. ნორმალურია, რომ გამომდინარე ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან, ეს საკითხი ამდენი წლის შემდეგ ბოლოს და ბოლოს დასრულდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევთან ერობლივი განცხადებების გაკეთებისას.