სამართალი
რეგულატორის გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანაა - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

 საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პარლამენტის კომიტეტზე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და მასზე გავლენის მოხდენის მცდელობაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

გვენეტაძემ კომიტეტის სხდომაზე ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ არ მიაჩნია ეროვნულ ბანკს მიზანშეწონილად პარლამენტში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის განხილვა.

ჩვენ ვართთიბისი ბანკისრეგულატორი, ისევე, როგორც საქართველოში სხვა კომერციული ბანკების. თიბისი ბანკთანერთად ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება, სადაც ძალიან მკაფიოდ არის აღნიშნული, რომთიბისი ბანკსადა ეროვნულ ბანკს შორისთიბისი ბანკისმხრიდან დავები არ არსებობს. მე გარკვეულწილად, როდესაც ამ თემაზე საუბარი დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება ცნობილი გახდა, პირადად ჩემს თავზე ავიღე რისკი, რასაც შეიძლება, ჩემი რეპუტაციისთვის ზიანი მიეყენებინა, რადგან პირველ რიგში, მე ვზრუნავ ბანკზე, ვზრუნავ ფინანსურ სექტორზე. აქედან გამომდინარე, სანამ ეროვნული ბანკისა დათიბისი ბანკისმიერ ერთობლივი განცხადება არ გაკეთდა, ჩვენ დამატებითი და სხვა ინფორმაცია არ მოგვიცია“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა ამის შემდეგ გაავრცელა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც, კობა გვენეტაძის შეფასებით, საკმაოდ ნათელი და დეტალური იყო. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, ამ ინფორმაციის მეშვეობით აბსოლუტურად შესაძლებელი იყო შეფასება, თუ რა და როგორ გააკეთა ეროვნულმა ბანკმა.

ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა არის რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა და ეს არის გავლენის მოხდენის მცდელობა რეგულატორზე. არ მახსოვს საერთაშორისო პრაქტიკაში პრეცედენტი, როდესაც რეგულატორის გადაწყვეტილება ასეთი დავის საგანი ხდება“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნულმა ბანკმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპისა და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეროვნულ ბანკს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის პარლამენტში განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.