აქტუალური
ხატია მოისწრაფიშვილი: პრეზიდენტს მიაჩნია, რომ შეწყალების წესი უნდა გამკაცრდეს

 საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. იმის მიუხედავად, თუ რა ფორმით იარსებებს შეწყალების კომისია, საბოლოო გადაწყვეტილებას მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი მიიღებს, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეწყალების საკითხზე პრეზიდენტი 6 მარტს პარლამენტში გამოსვლისას ილაპარაკებს.

შეწყალების აქტი პრეზიდენტისთვის წარმოადგენს კონსტიტუციურ უფლებას. სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს შეწყალების ახალი წესის შემუშავებას და ასევე კომისიის დაკომპლექტების საკითხს. შეწყალება წარმოადგენს ჰუმანურ ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან, რომლითაც პრეზიდენტი მსჯავრდებულს აძლევს რესოციალიზაციის საშუალებას. ამავდროულად მიგვაჩნია, რომ შეწყალებისას უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების ინტერესები, ანუ რამდენად უსაფრთხოა საზოგადოებისთვის კონკრეტული მსჯავრდებული პირის შეწყალების საკითხი”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომისიის დაკომპლექტებას დიდი სიფრთხილით ეკიდება. მოისწრაფიშვილის განცხადებით, საჭიროა, კომისიის წევრები დაკომპლექტდნენ პროფესიული კადრებით.

არ შეიძლება და პრეზიდენტი არ დაუშვებს, შეწყალების საკითხი ოდესმე ვინმეს მხრიდან გახდეს ზემოქმედების თემა. თუ ამის ნიშნები გამოიკვეთა, ასეთი საკითხი საერთოდ არ განიხილება. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა შეწყალების წესის გამკაცრება და, ასევე, სამართლებრივ დონეზე უფრო მკაცრ რეგულაციებში მოქცევა. არსებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ არ შეიძლება მსჯავრდებულების დიდი რაოდენობით და ბევრი კითხვის ნიშნის ფონზე შეწყალება. ეს აჩენს რისკს და ზრდის პირთა მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობას, ასევე, საზოგადოებაში აჩენს შეგრძნებას, რომ მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა, შესაძლებელია მოხდეს ნებისმიერი მსჯავრდებულის შეწყალება“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, შეწყალების წესი უნდა იყო ისეთი, რომ შეწყალების კომისიისადმი საზოგადოებაში ნდობა ამაღლდეს.

თუ რა ფორმით იარსებებს კომისია, იქნება ის სხვა სტრუქტურულ ერთეულში თუ დარჩება კვლავ პირვანდელი სახით, მისი გადაწყვეტილება მაინც ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი. ამდენად, პრეზიდენტი არის და იქნება ჩართული შეწყალების საქმიანობაში და კონკრეტულ მსჯავრდებულთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება საკითხის ზედმიწევნით შესწავლის პირობებში მოხდება“, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.