მალაიზიაში დაკავებული ქართველი ქალების საქმის განხილვამ ქვეყნის უმაღლეს ინსტანციაში, კოტა კინაბალუში განთავსებულ უზენაეს სასამართლოში, გადაინაცვლა. ამ ინფორმაციას მალაიზიური პრესა ავრცელებს.
მოთხოვნა სასამართლოს პროკურატურამ წარუდგინა. მთავარი ინსპექტორის ლიმ სვი ბენგის განცხადებით, მათ სწორედ ამ უწყებიდან მიიღეს ბრძანება, 26 წლის ბაბუცა გორდაძის საქმე უზენაესი სასამართლოსთვის გადაეცათ.ქიმიკოსების დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილი ნარკოტიკული ნივთიერებების წონა 1 კილოგრამსა და 710 გრამს შეადგენს, ნაცვლად საქმეში ნაჩვენები 5,5 კილოგრამისა.
ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, გორდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის „ბ“ პუნქტით აქვს წაყენებული, რაც, 1952 წელს მიღებული კონვენციით, სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
პარალელურად, სასამართლომ უკვე განიხილა 3 სხვა დაკავებული ქალის საქმე მცირე ოდენობით ნარკოტიკის ტრეფიკზე, რომელთაც 5 000 დოლარის ოდენობით ჯარიმა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ, 4 მარტს, გაიმართება.
ცნობილია, რომ ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიაში გასული წლის შემოდგომაზე ნარკოტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს.