პოლიტიკა
პრეზიდენტი - ახალი, კურსი - ძველი, რუსეთის გარეშე: ზურაბიშვილი პუტინთან საქმეს დაჭერას არაეფექტიანად მიიჩნევს

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. არავის შეუძლია იფიქროს, რომ დღეს პუტინთან რაიმე ეფექტური იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკული გამოცემა პოლიტიკოს ევროპულ ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მისი მიზანია საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოება, რაშიც მას წარსულში მიღებული გამოცდილება დაეხმარება.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საფრანგეთის მონაწილეობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ხაზთან სიტუაციას მეთვალყურეობს.

დღეს საფრანგეთი ძალიან ბევრს აკეთებს, რაც წარსულში წარმოუდგენელი იყო. მაკრონმა მკაფიოდ განაცხდა, რომ პარიზი საქართველოს მხარს უჭერს, რით შეუძლია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

„პოლიტიკოს“ სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში შედგა. გამოცემა წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დაიბადა და დიპლომატის კარიერის სამი ათეული წელი ამ ქვეყნის საგარეო სამსახურში გაატარა“.

ეს ვიზიტი მისთვის სამშობლოში დაბრუნებასავით იყო“, – წერს „პოლიტიკო“.

სალომე ზურაბიშვილი არის ის ადამიანი, როგორიც ბევრ ჩვენს მამაკაც კოლეგას უნდა, რომ იყოს, რკინის ხელი აბრეშუმის ხელთათმანში“, – ციტირებს გამოცემა „პოლიტიკო“ ფრანგი დიპლომატის მურიელ დომენაკის სიტყვებს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ზურაბიშვილის წინაპრები დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი აქტივისტები იყვნენ, რომლებმაც საბჭოთა კავშირის ოკუპაციისას, 1921 წელს დატოვეს სამშობლო.

ამ მოვლენებიდან თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ ზურაბიშვილის შვილებს სიკვდილით დაემუქრნენ, მაშინ, როდესაც არჩევნებში პრორუს კანდიდატს დაუპირისპირდა“, - წერს „პოლიტიკო“.

ამავე დროს, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა რუსეთთან გამარჯვებას გაცილებით ადრეც მიაღწია – როდესაც 2004 წელს, საგარეო საქმეთა მინისტრის ამპლუაში, მან შეძლო საბჭოთა პერიოდის სამხედრო ბაზების დახურვაზე მოსკოვის დათანხმება.

ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრებოდა, რომელიც საკმაოდ ხისტი მომლაპარაკებელია“, – წერს „პოლიტიკო“.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატი აცხადებს, რომ ლავროვთან მოლაპარაკებების დროს, ზურაბიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ასეთი ფრაზაც კი უთხრა – ნუ მეთამაშებით თქვენი საბჭოთა ხრიკებით“.

„პოლიტიკოს“ შეფასებით, ზურაბიშვილი ხშირად ხისტია, მაგრამ ის დიპლომატიას აფასებს.

ჩვენ გვჭირდება პარტნიორბის მეტი ჩართულობა და თანამშრომლობა, როდესაც საქმე რუსეთთან დისკუსიას ეხება“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

„პოლიტიკოსთან“ საუბარში ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ ის და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ რუსეთ-საფრანგეთის დიალოგის დროს საქართველოს აუცილებლად ახსენებენ, თუმცა „წარმატების გარანტიას დღეს ვერავინ იძლევა“.

არავის შეუძლია იფიქროს, რომ დღეს პუტინთან რაიმე ეფექტური იქნება“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ საფრანგეთი საქართველოს მთავარი პარტნიორია. მისივე თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ საფრანგეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მოწადინებულია, გააგრძელოს ევროპული პროექტი“.

ჩვენ უნდა ვიყოთ ახლოს ევროკავშირთან, სადაც კი ეს შესაძლებელია. იქნება ეს კულტურა, განათლება, უსაფრთხოება და თავდაცვა, ტრანსპორტი, კომუნიკაცია, ეკონომიკური თანამშრომლობა კონკრეტულ სფეროებში“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

„პოლიტიკოს“ შეფასებით, ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირა ზურაბიშვილის ხედვას და საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობების ახალი გვერდიდან დაწყების შესახებ განაცხადა.

ზურაბიშვილს სურს ქართული და ფრანგული ქალაქების დამეგობრება, ასევე საქართველოს წარდგენა ფრანგული წიგნების ბაზრობაზე და სხვა კავშირების გამყარებაც“, – ნათქვამია სტატიაში.