საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს.
საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო უმრავლესობას 113 დეპუტატი შეადგენს. „ქართულ ოცნებას“ ამ დროისთვის ოფიციალურად 115 დეპუტატი ჰყავს, თუმცა უმრავლესობის დატოვების შესახებ პოლიტიკური განცხადებები უკვე გააკეთეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება დეპუტატ გედევან ფოფხაძეს, ის აცხადებს, რომ განმარტებას დღეს, 25 თებერვალს გააკეთებს.
ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად პარტია „სოციალ-დემოკრატებსა“ და ფრაქციას ტოვებს.
მისი თქმით, საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს. დეპუტატი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება საპენსიო რეფორმის შესახებ მის მიერ მომზადებული პროექტის კენჭისყრაზე ჩავარდნას უკავშირდება.
ბექა ნაცვლიშვილი პრინციპული ადამიანია და ვფიქრობ, თავისი პრინციპების დაცვას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
„ბექა ნაცვლიშვილისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მისი ხედვები პარლამენტს გაეზიარებინა. ის პრინციპული ადამიანია. ვფიქრობ, თავისი პრინციპების დაცვას როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი გააგრძელებს. საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ შენარჩუნდება, ძალიანაც კარგია. კონსტიტუცია ჩვენ უკვე მივიღეთ. „კონსერვატორები“, ჩვენი ფრაქცია სულაც არ ვართ მომხრე, რომ კიდევ კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა იყოს დატოვებული. თამაშის წესებზე უკვე შევთანხმდით და ყველა მივეჩვევით იმას, რომ ყველანი ერთიანი თამაშის წესებით ვითამაშებთ. ეს ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის კარგია“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.