საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. ქართული პროდუქციის ექსპორტი 2019 წლის იანვარში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7,2%-ით გაიზარდა და 238,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე დაახლოებით 159 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4,4%-ით ნაკლებია.
წლის დასაწყისიდან იმპორტი, გასული წლის იანვართან შედარებით, 1,1%-ით შემცირდა და 588 მლნ დოლარი შეადგინა.
მთლიანობაში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის იანვარში, 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 1,2%-ით გაიზარდა და 826,8 მლნ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა ამ პერიოდში შეადგინა დაახლოებით 349,2 მლნ დოლარი, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 42,2%-ია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრად დამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.
2019 წლის იანვარში ღვინის ექსპორტი გაიზარდა 19,4%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების — 24,5%-ით, მსუბუქი ავტომობილების — 66,9%-ით, სიგარების, სიგარილის ან სიგარეტის – 276,8%-ით და სხვ.
ამავე დროს, აღნიშნულ პერიოდში 33,5%-ით შემცირდა ფეროშენადნობების ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და აირადი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
2019 წლის იანვარში სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი გაიზარდა 24,1%-ით, მსუბუქი ავტომობილების – 4,4%-ით. ამავე დროს შემცირდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი — 19,2%-ით, ნავთობის გაზისა და აირადი ნახშირწყალბადების – 4,3%-ით, სამკურნალო საშუალებების – 3,4%-ით.
საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები 2019 წლის დასაწყისში არიან თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი – ბრუნვამ ამ ქვეყნებთან დაახლოებით 298 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საერთო ბრუნვის 36%-ზე მეტია.
ლიდერობს თურქეთი – საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ამ ქვეყანასთან აღნიშნულ პერიოდში 112 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,6%-ია; სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის ამ პერიოდში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 1,1%-ით შემცირდა.
აზერბაიჯანი მეორე ადგილზეა – საგარეო ბრუნვამ ამ ქვეყანასთან 97,6 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი ბრუნვის 11,8%-ია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის იანვართან შედარებით, 10,4%-ით გაიზარდა.
მესამე ადგილზეა რუსეთი. რუსეთთან ბრუნვა 2019 წლის იანვარში, 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 15,1%-ით შემცირდა და დაახლოებით 88,1 მლნ დოლარი შეადგინა, ანუ მთლიანი ბრუნვის 10,7%.
საქართველო ასევე ვაჭრობს ჩინეთთან (დაახლოებით 77,3 მლნ დოლარი), რუმინეთთან (45,2 მლნ-ზე მეტი), უკრაინასთან (36,8 მლნ-ზე მეტი), სომხეთთან (დაახლოებით 37,1 მლნ), აშშ-თან (333,8 მლნ დოლარი), გერმანიასთან (დაახლოებით 27,9 მლნ), ბულგარეთთან (20,5 მლნ-ზე მეტი).
საქართველო წარმატებით ვაჭრობს ევროკავშირის ქვეყნებთან — 2019 წლის იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 199,2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით 6,5%-ით ნაკლებია. ექსპორტმა ამ თანხიდან შეადგინა 59,7 მლნ დოლარი – 7%-ით ნაკლები, ხოლო იმპორტმა – 139,5 მლნ დოლარი – 6,4%-ით ნაკლები. ევროკავშირის ქვეყნების წილმა მთლიან სავაჭრო ბალანსში 22,9% შეადგინა.
საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
საქართველო ასევე წარმატებით ვაჭრობს დსთ-ის ქვეყნებთან – სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის პირველ თვეში 294,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 2,6%-ით ნაკლებია. დსთ-ის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 12,4%-ია.
გასაღების ბაზრები იზრდება
საქართველო და ინდოეთი მოლაპარაკებებს დაიწყებენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ – კვლევამ აჩვენა, რომ ეს ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება, აღნიშნავს ეკონომიკის სამინისტრო 2019 წლის 12 იანვრის განცხადებაში.
საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან და ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან, ასევე ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იაპონიასთან და აშშ-სთან. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ.