პოლიტიკა
აშშ-ის 2019 წლის ბიუჯეტი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების კუთხით მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების 2019 ფისკალური წლის ბიუჯეტი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოქვეყნდა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი (FY19 Consolidated Appropriations Act), იგივე აშშ-ის 2019 ფისკალური წლის ბიუჯეტი, რომელშიც საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების კუთხით მნიშვნელოვანი ჩანაწერებია.

აღსანიშნავია, რომ კანონი საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების მნიშვნელოვან ზრდას ითვალისწინებს.

ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. აგრეთვე ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე სახის დაფინანსების გამოყენება არ შეიძლება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს, შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ აშშ-ის კონგრესს მესამე წელია შეაქვს აღნიშნული ჩანაწერი აშშ-ის საკანონმდებლო აქტში, რაც აშშ-ის მიერ საქართველოსადმი დიდ ყურადღებასა და მტკიცე მხარდაჭერაზე მიანიშნებს.

გარდა ამისა, ხაზგასასმელია, რომ აქტირუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდისფარგლებში ითვალისწინებს არანაკლებ 275 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. აქვე აღნიშნულია, რომ დაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ასევე, საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზემოქმედების შემცირებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

რაც შეეხება საქართველოსთვის გამოყოფილ დაფინანსებას, აშშ-ის ბიუჯეტის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამები (FY19 SFOPs) საქართველოსთვის გაზრდილ დახმარებას ითვალისწინებს და 127 025 000 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ეს თანხა 22 მლნ აშშ დოლარით აღემატება 2018 ფისკალური წლით გათვალისწინებულ დაფინანსებას.