ევროკავშირმა უნდა შეცვალოს თავისი ამჟამინდელი „ცუდი“ მიდგომა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე და „შემდგომი გაჭიანურების“ გარეშე დაიწყოს მოლაპარაკებები, ვინაიდან საქართველომ „არა მხოლოდ დააკმაყოფილა“ შესაბამისი პირობები, არამედ უფრო მეტიც გააკეთა, – ნათქვამია კვლევაში, რომელიც 1 მარტს ბრიუსელში მდებარე ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრმა (Centre for European Policy Studies (CEPS)) გამოაქვეყნა.
105–გვერდიან კვლევაში, რომელიც CEPS–ის, ასევე, პარიზის პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტთან არსებული Groupe d’Economie Mondiale–ისა და „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ მკვლევარებმა დაწერეს, ნათქვამია, რომ ევროკომისია „ძალიან მომთხოვნ პირობებს“ უყენებს საქართველოს, რათა ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძემ თებერვალში განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე წინასწარი მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების „ყველაზე რთული“ ნაწილია.
12 თებერვალს EUobserver.com–თან ინტერვიუში გორდაძემ აღნიშნა, რომ ვაჭრობის საკითხებში ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მას შეექმნა „შთაბეჭდილება, რომ მათ შეცვალეს პირობები“. მისი თქმით, ის პირობები, რაც ადრე მოლაპარაკებების დასკვნითი ეტაპისთვის იყო განსაზღვრული, ახლა მოლაპარაკებების დასაწყებად არის გადმოტანილი.
CEPS–ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რომელსაც ოთხი ავტორი ჰყავს, მათ შორის, „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ ვიცე–პრეზიდენტი გია ჯანდიერი, 2009 წლის მარტში ევროკავშირმა საქართველოს გამოუგზავნა პირობების ნუსხა, რომელთაგანაც რამდენიმე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე უნდა შესრულებულიყო საქართველოს მიერ, ხოლო დანარჩენები – მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყების შემდეგ.
კვლევაში, ასევე, გაკრიტიკებულია ის, თუ როგორი ფორმულირებით არის დაწერილი პირობები ევროკომისიის მიერ. კვლევის თანახმად, ტექსტი „ბუნდოვანია“, რადგან გაურკვეველია, ზუსტად რას გულისხმობს ევროკომისია ისეთ ფრაზებში, როგორიცაა: „საკმარისი“, „ადეკვატური“, „ეფექტური“ ან „შესაბამისი განხორციელება“. კვლევის თანახმად, პირობები დაწერილია ზოგადი ტერმინებით, რაც ევროკომისიას „აბსოლუტურ ძალას ანიჭებს, თავად განსაზღვროს, შესრულდა თუ არა მისი პირობები“.
კვლევის თანახმად, 2010 წლის დეკემბერში ევროკომისიამ საქართველოს ახალი დოკუმენტი გაუგზავნა, რომელშიც ზოგიერთი ის წინაპირობა, რომელთა შესრულებაც თავდაპირველად მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ იგეგმებოდა, გადმოტანილია იმ პირობების ნუსხაში, რომლებიც მოლაპარაკებების დაწყებამდე უნდა განხორციელდეს.
კვლევაში ნათქვამია, რომ ევროკომისიის მიდგომა „ცუდია“ რამდენიმე მიმართულების გამო, მათ შორის, საქართველოს განვითარების პოლიტიკის, სავაჭრო და, ასევე, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.
განვითარების პოლიტიკის კუთხით, კვლევაში ნათქვამია: „საქართველოსთვის დაწესებული დამამძიმებელი მარეგულირებელი ცვლილებები ქართული პროდუქციის დაბეგვრის ტოლფასია – რაც საფრთხეს უქმნის მის [ქვეყნის ეკონომიკის] ზრდას, მისი რეფორმების მდგრადობას და მის წარმატებულ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, რაც ასეთი მნიშვნელოვანია მისი გრძელვადიანი განვითარებისთვის“.
კვლევაში ნათქვამია, რომ ის წინაპირობები, რომლებიც სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ საკითხებს ეხება, ძირითად საკვებ პროდუქტებზე ფასების 90%–იან ზრდას გამოიწვევს, რაც „დიდ საფრთხეს შეუქმნის პოლიტიკურ სტაბილურობას და საქართველოში ანტიევროპულ განწყობას გააღვივებს“.
კვლევის თანახმად, ევროკომისიის მიდგომა არ შეუწყობს ხელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის ზრდას.
„გადარჩენის მიზნით, ქართველი მეწარმეების დიდი უმრავლესობა, რომლებიც ვეღარ შეძლებენ ევროკავშირის ნორმებით თავიანთი პროდუქციის გაყიდვას ქართულ ბაზრებზე, შეეცდებიან, თავიანთი პროდუქცია უცხოურ ბაზრებზე გაიტანონ არაევროკავშირის ნორმების გამოყენებით, რაც ხელოვნურად შეუწყობს ხელს ქართულ ექსპორტს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში,“ – ნათქვამია კვლევაში.
კვლევის თანახმად, მიდგომა „ცუდია“ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისითაც, რადგანაც ევროკომისიის მიერ წამოყენებული წინაპირობები „ჰეგემონურად წარმოაჩენს ევროკავშირს მასზე ბევრად პატარა მეზობელთან“ და არა როგორც სანდო პარტნიორად.
იმ ნაწილში, სადაც კვლევა ევროკომისიის მიდგომის მოტივებს განიხილავს, ნათქვამია, რომ საქართველოსთვის ამგვარი წინაპირობების წაყენების ერთ–ერთი მიზეზი შესაძლოა, იყოს კომისიის „ტაქტიკური მანევრი“, რათა აკონტროლოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების ვადები.
„ამგვარი მოტივის ერთი შესაძლო მიზეზი არის რუსეთის გაწევრება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო). კომისიას შესაძლოა, სურდეს [საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის] შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ რუსეთის მიერ ვმო–ში გაწევრების შემდეგ, რათა ზეწოლა მოახდინოს საქართველოს პოზიციაზე“, – ნათქვამია კვლევაში. თუმცა იქვე მიანიშნებენ, რომ ეს არის „ვარაუდი“ და ამ არგუმენტის დეტალიზაცია კვლევაში არ ხდება.
ეს ვარაუდი თორნიკე გორდაძემაც ახსენა, როდესაც EUobserver.com–ს განუცხადა: „ზოგიერთები, ასევე, ამბობენ, რომ ეს ცვლილება [იგულისხმება ევროკომისიის მიერ დამატებით წამოყენებული პირობები] შესაძლოა, იყოს გარკვეული ირიბი ზეწოლა ევროკავშირის მხრიდან, რათა აღარ გავწიოთ წინააღმდეგობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრებასთან დაკავშირებით“.
„ვიმედოვნებ, რომ საქმე ამაში არ არის“, – განაცხადა გორდაძემ.