დავით ონოფრიშვილი: რეალურ გამოსავალს მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაში ვხედავ
დღეისთვის ქართული ეკონომიკის მთავარი პრობლემა ინფლაციაა. ამას ემატება ქვეყანაში არსებული უმუშევრობის დონეც, გადასახადებისა და ფასების ზრდა. და ბოლოს, 1 მარტიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ხელმოწერილი “რეადმისიის საფუძველზე”, ქართველ ემიგრანტთა დიდი ნაკადის დეპორტაცია სხვადასხვა ქვეყნებიდან, სავარაუდოდ, უმუშევრობის მაჩვენებელსა და სოციალურ ფონს კიდევ უფრო გააუარესებს. სადაა გამოსავალი, რისთვის ურიგდება მოსახლეობას ელექტროენერგიისა თუ სასურსათო ვაუჩერები და რა ეშველება ინფლაციას. ამის შესახებ სასაუბროდ ყოფილ ფინანსთა მინისტრს - დავით ონოფრიშვილს მივმართეთ.
ინფლაცია საქართველოში, პირველ რიგში, არის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რასაც წლების მანძილზე საქართველოს ხელისუფლება ეწევა. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში არსებული ინფლაცია ხელისუფლების უუნარობისა და უპასუხისმგებლობისგან არის გამოწვეული. შიდა ფაქტორებიდან მთავარია ის, რომ ბიუჯეტის დეფიციტი საკმაოდ დიდია და მას შევსება სჭირდება, ანუ ხდება ბიუჯეტის დეფიციტის შევსება და ზედმეტი ფულის მასა ხვდება მიმოქცევაში. ხშირია “სხვა ხარჯები” (ბიუროკრატიული ხარჯები და პრეზიდენტის ფონდის ხარჯები) ისეთ არაპრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა სასტუმროების მშენებლობა. ეს ხარჯები, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანის სურვილის შესაბამისად გამოიყოფა, რეალურად კი ასეთი ღონისძიებების გატარება ეკონომიკას მძიმედ აწვება. რაც შეეხება ინფლაციის მასტიმულირებელ გარე ფაქტორებს, რაც დღეს არსებულ ინფლაციურ პროცესებს გარკვეულწილად განსაზღვრავს, მსოფლიო ბაზარზე ფასები მართლაც გაიზარდა, თუნდაც საწვავსა და სასურსათო პროდუქტებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ სასურსათო ბაზარზე წარმოდგენილი პროდუქციის 80 პროცენტი იმპორტირებულია, ჩვენ დამოკიდებული ვართ მსოფლიო ბაზარზე. საქართველოს მიერ წარმოებული ხორბალი 8 წლის წინათ მოთხოვნის 30-35 პროცენტს აკმაყოფილებდა. წელს ეს მაჩვენებელი 6-7 პროცენტია. ასევე, 20-30 პროცენტით შემცირდა კარტოფილის, ლობიოსა და ბოსტნეულის წარმოება, შემცირებულია ღორის, ცხვრისა და ფრინველის გამრავლებაც. სწორედ ეს არის გაუთვლელი პოლიტიკისა და ცრუ ლიბერალური მიდგომების შედეგი, რასაც ქვეყნის ხელისუფლება ეყრდნობა. დღევანდელი ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა იყო, როცა მათ მოსვლისთანავე ჩათვალეს, რომ სოფლის მეურნეობა არ უნდა იყოს პრიორიტეტული დარგი. - ინფლაციის დონედ სახელდება 12 პროცენტი. მაგრამ, თუ დავაკვირდებით, მთელ რიგ პროდუქტებსა და მოხმარების საგნებზე ფასები გაცილებით გაზრდილია, მოსახლეობას კი შემოსავლის ზრდა არ უგრძნია, არც კომპენსაცია მიუღია მთავრობისგან. ამაზე უარესი სიტუაციაა იმ ქვეყნებში, სადაც სოციალური აფეთქებები მოხდა? - მართლას ბრძანებთ, ოფიციალური მონაცემებით, ინფლაცია 12 პროცენტია, თუმცა მთავრობა 6 პროცენტს ვარაუდობდა. ეს იმის მანიშნებელია, რომ არაკვალიფიციური და სათანადო განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების არმქონე ახალგაზრდებისგან შემდგარი გუნდი, ვერ აკონტროლებს ინფლაციის პროცესებს და მართვის მექანიზმიც გაექცათ ხელიდან. რაც უფრო მეტად გაჭირვებულია ადამიანი, მისთვის მით მეტია ინფლაციის დონე, რადგანაც ძირითად სასიცოცხლო პროდუქტებზე ფასების ზრდამ საშუალოდ 30-50 პროცენტი მაინც შეადგინა ერთი წლის განმავლობაში. ფაქტია, რომ წიწიბურას ფასი გასამმაგებულია, შაქრის - გაორმაგებული, გაძვირდა პური და ხორბლის ფასის ზრდასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე გაიზარდა და კვლავ გაძვირდება ხახვი, ზეთი, კარტოფილი, ნიორი და ასე შემდეგ. ბიუჯეტში დამატებითი ღირებულების გადასახადთან მიმართებაში, არარეალურად მაღალი ციფრია ჩადებული. არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა შეგნებულად მიდის ე.წ. ინფლაციური გადასახადის ამოქმედებისკენ. თუმცა მთლიანობაში, მაინც მგონია, ინფლაციის მიზეზი არის არაპროფესიონალიზმი და მცდარი შეხედულება საქართველოს ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებზე. ერთის მხრივ, დეკლარირებულია ვითომ ლიბერალური პრინციპების შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, სინამდვილეში კი ტარდება ავტორიტარული ეკონომიკური პოლიტიკა, მთავრობა ერევა ყველაფერში, რისი სურვილი ან ინტერესი აქვს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მონოპოლისტების მიერ ფასების გაზრდის წახალისებას, რაც თავისთავად ინფლაციის წამახალისებელიცაა. როგორც წესი, მონოპოლისტები აწესებენ მაღალ ფასს, რაც ჩვენთან ხდება სურსათის, საწვავის, კავშირგაბმულობის, ინტერნეტ, ფარმაცევტულ და სხვა ბაზრებზე. განცხადებები, რომლებიც მთავრობის წევრების მხრიდან ხშირად კეთდება, სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. პრეზიდენტმა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მთავრობას ანტიინფლაციური პროგრამის შემუშავება დაავალა, თუმცა ფაქტია, რომ ასეთი პროგრამა არ შემუშავებულა და, როგორც ჩანს, ვერც შეიმუშავებენ, რადგან, მათი გაგებით, ჩვენთან ინფლაცია თურმე ჩინეთის მოსახლეობის კუჭის მოთხოვნილების ზრდაზე ყოფილა დამოკიდებული. ის მოსახლეობა, რომლის შემოსავლის ნახევარზე მეტი მიდიოდა საკვებ პროდუქტებზე, უმძიმეს მდგომარეობაშია და ამ ვითარებას კეთილი ბოლო არ უჩანს. ცხადია, ეს სოციალური აფეთქების სერიოზულ რისკს ქმნის. მითუმეტეს, როგორც აღნიშნეთ, არანაირი ზრდა ბიუჯეტურ დაფინანსებაში არ არის არც პენსიონერებისთვის, არც სოციალურად დაუცველებისთვის, არც კომპენსაცია არ გამოყოფილა. ფაქტობრივად, ხალხს იგივე შემოსავალი დარჩა ან საერთოდ დაკარგა შემოსავალი. ეს იმის მანიშნებელია, რომ სიღარიბე კიდევ უფრო გაიზარდა საქართველოში. ოფიციალური სტატისტიკით, სიღარიბის ზღვარზე და მის მიღმა მყოფი ერთი მილიონ რვაასი ათასი ადამიანიდან (რაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენს) მხოლოდ 20 პროცენტი იღებს ხელისუფლებისგან დახმარებას, ისიც არასაკმარისს. ამდენად, ძალიან მძიმე ფონია და ვერ ვხედავ, რომ მთავრობა რეალურად ჩამოყალიბებული ხედვებით ან პროგრამებით ამას ებრძოდეს. - ამ შემთხვევაში ფიქრობთ თუ არა, რომ მოსახლეობაში ელექტრო და სასურსათო ვაუჩერების დარიგება ხელისუფლებამ სოციალური აფეთქებისგან თავის გადასარჩენად მოიფიქრა? თქვენ რამდენიმე თვის წინათ ერთ-ერთი პირველი აცხადებდით, რომ ეკონომიკური კრიზისი სოციალურ კრიზისში გადაიზრდება და მძიმე შედეგებამდე მივალთ, თუ შესაბამისი ნაბიჯები არ იქნებოდა გადადგმული. რამდენად არის ეს მოსალოდნელი საქართველოში? ნუთუ აფრიკისა და ევროპის ქვეყნებში უფრო მძიმე სოციალური ფონია? - ოცი წლის წინანდელი ტალონების პერიოდიც მინდა გაგახსენოთ. როცა ამგვარ ღონისძიებებს მიმართავს და ტალონების თუ ვაუჩერების დარიგებას იწყებს მთავრობა, ეს იმის მანიშნებელია, რომ ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია და სხვა ზემოქმედების მექანიზმების გამოყენების უნარი და საშუალება არ გააჩნია. რა თქმა უნდა, ვაუჩერი ინფლაციას ვერ შეაჩერებს. ეს მხოლოდ სოციალური ფონის როგორღაც დასამშვიდებლად მოფიქრებული ღონისძიებაა. ტელევიზიებიდან, მედიის სხვა საშუალებებითაც და ქუჩაშიც ისმენთ მოსახლეობის აზრს, რომ 20 და 30 ლარით პრობლემა ვერ მოგვარდება. არსებული ტარიფებით 1 თვის გადასახადსაც კი ვერ დაფარავთ სრულად. სხვა უფრო ქმედითი ნაბიჯები ჯერ მთავრობას მოსახლეობის დასახმარებლად არ გადაუდგამს. სამწუხაროდ, საქართველოში დღეს უფრო ნიჰილიზმი და შიშია გაბატონებული. ამას ემატება ისიც, რომ 2007 წლიდან რიგმა პოლიტიკური ლიდერებისა ხალხის ნდობა ვერ გაამართლეს, ხალხს რეალური ცვლილებების პოლიტიკური გზა ვერ დაანახეს. ჩემი აზრით, დღესაც ეს არის მიზეზი იმისა, რომ პოლიტიკური პროტესტის მუხტი არ იგრძნობა. თუმცა, ბევრად გაზრდილია სოციალური უკმაყოფილების მუხტი. ფასების ზრდის გარდა, უკმაყოფილებას იწვევს ისიც, რომ გაერთიანებული ქვითრებით ხდება კომუნალური გადასახადების ამოღება. ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა და არანაირი კანონიერი საფუძველი არ გააჩნია. მსოფლიოში ამგვარი ანალოგია არსად შემხვედრია. ესენი სხვადასხვა კომპანიაა, რომლებსაც თითქოს არანაირი კავშირი არ აქვთ ერთმანეთთან. გაზის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გაზი უნდა გაგითიშონ, შუქის გადაუხდელობის შემთხვევაში - ელექტროენერგია. გარდა ამისა, სხვა საკითხია გადასახადების ოდენობაც, რადგან გაზზეც, ელექტროენერგიაზეც ნაწილობრივ ტარიფის დაწევა რეალურად შესაძლებელია, თუმცა 5 და 10 თეთრამდე დაწევა ვერ მოხერხდება. - 1 მარტიდან ძალაში შევიდა “რეადმისიაზე” ხელმოწერა, რის საფუძველზეც, ერთის მხრივ, უნდა გაადვილდეს ევროპის ვიზების აღების პროცედურა, მეორე მხრივ კი, ამ ხელშეკრულებით ევროპიდან საქართველოს მოქალაქეებს, არალეგალ ემიგრანტებს უპირობო დეპორტაცია ემუქრებათ. არის თუ არა ეს საქართველოში უმუშევრობის ზრდისა და სოციალური აფეთქების წინაპირობა? - პირველი თვეებიდანვე მასობრივი დეპორტაცია, არა მგონია, მოხდეს, მაგრამ უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ იმაზე მეტი ხალხის ნაკადს, ვიდრე წინა თვეებში ან წლებში ჩამოდიოდა საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან. მათი ზუსტი რაოდენობა, სამწუხაროდ, არავინ იცის, მაგრამ, ალბათ, დაახლოებით 200 ათასზე მეტი ადამიანი იქნება, ვისაც დეპორტაცია ემუქრება. ჩემთვის და საზოგადოებისთვისაც ნაკლებად ცნობილია, რამდენად მზად არის ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ამ ადამიანების მისაღებად და დასასაქმებლად. ფაქტია, უმრავლესობას ოჯახი ჰყავს. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბევრს საცხოვრებელი ფართიც არ გააჩნიათ, რადგან სახლების გაყიდვის ფასად წავიდნენ ემიგრაციაში. უმუშევრობა თუ დღეს 30 პროცენტს აჭარბებს, ფაქტობრივად, უმუშევართა არმიას დაბრუნებულთა დიდი რაოდენობაც მიემატება. ეს კი, ბუნებრივია, კიდევ უფრო დაამძიმებს სოციალურ სურათს. - გამოსავალს რაში ხედავთ? როგორც ეკონომისტს, თუ შეგიძლიათ რეკომენდაცია მისცეთ ხელისუფლებას, ეგებ, გასართობი პროგრამების ნაცვლად სოციალურ პროექტებზე გარკვეული დაფინანსების წარმართვით ქვეყანა ეკონომიკური კოლაფსიდან იხსნან? - ეჭვი მეპარება, რომ ხელისუფლებამ ვინმეს რჩევები გაითვალისწინოს. თუმცა (არა მარტო ჩემი) ბევრი ცნობილი ექსპერტის მოსაზრებები ქვეყნდება ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ქვეყნის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე და ა.შ. მაგრამ ის ბუნება, რაც ხელისუფლებასა და მთავრობას აქვს, დამყარებულია ავტორიტარული მართვის რეჟიმზე, რომლისთვისაც კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებას, სხვისი აზრის გათვალისწინებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ავტორიტარული მართვა კი, ცხადია, ბევრ პრობლემას იწვევს. გარდა ამისა, ხელისუფლება განსხვავებული აზრის მიმართ სრულიად არალოიალურია. მოსაზრებებს თავიანთი სისტემის გარეთ აყენებენ. ამ შემადგენლობითა და მიდგომით საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოყვანის პერსპექტივა არ გააჩნია. ამდენად, რეალურ გამოსავალს მე მაინც მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაში ვხედავ. ხომ ფაქტია, რომ 7-8 წელი ეს ხელისუფლება სასიკეთოს ვერაფერს აკეთებს. ჯერ ინიშნებიან მინისტრებად და შემდგომ მიდიან უცხოეთში ცოდნის მისაღებად. პირიქით რომ იყოს, ბევრად უკეთესი იქნებოდა. პრინციპული მნიშვნელობა აქვს, ასევე, პოლიციის დეპოლიტიზაციას და კანონიერი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ასეთ შემთხვევაში ის ძალები მოვლენ, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ ქვეყნის მდგომარეობის შეცვლა.
ესაუბრა
ნინო ცხოიძე
www.geworld.net