საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. უცნობმა პირებმა კვირას დილით სოლსბერის ტაძრის გარშემო ხარაჩოებზე რუსეთის დროშა აღმართეს, რომელიც საათზე მეტ ხანს ეკიდა. თვითმხილველმა ლი მარტინმა BBC-ს უამბო, რომ დაახლოებით 10x7 მ ზომის უზარმაზარი დროშა დილაადრიან დაინახა. 8:30-ზე დროშა ჩამოხსნეს, დააზუსტეს ტაძრის პრესსამსახურში. უილტშირის საგრაფოს პოლიციაში განაცხადეს, რომ ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე მსჯელობა, არის თუ არა მომხდარში დანაშაულის შემადგენლობა - პოლიციელები ვიდეოდაკვირვების კამერების ჩანაწერებს სწავლობენ.
ლონდონში რუსეთის საელჩომ მომხდარს ხარისხიანი პროვოკაცია უწოდა: „თუ ტაძარზე რუსეთის დროშის აღმართვა სინამდვილეს შეესაბამება, ეს, ჩვენი აზრით, გამოიყურება, როგორც ხარისხიანი პროვოკაცია, - უთხრა საელჩოს წარმომადგენელმა სააგენტო „რია ნოვოსტის“, - ტაძარზე რუსეთის დროშის გამოჩენა მორიგი მოუქნელი მცდელობაა რუსეთის კიდევ ერთხელ ასოცირებისა იმ სამწუხარო მოვლენებთან, რომლებიც სოლსბერიში შარშან მარტში მოხდა“.