სასურსათო ვაუჩერი ყველას არ ერგება?!
სასურსათო ვაუჩერების დარიგება რამდენიმე დღეში დაიწყება, თუმცა დიდია იმის ალბათობა, რომ ყველაზე გაჭირვებულმა ოჯახებმა ეს დახმარება ვერ მიიღონ. მთავრობის განცხადებით, სასურსათო ვაუჩერებს მიიღებენ ის ოჯახები, რომელთაც ელექტროენერგიის ვაუჩერი უკვე დაურიგდათ.
ელექტროენერგიის ვაუჩერის გარეშე კი უამრავი გაჭირვებული ოჯახი დარჩა: ვისაც გადაუხდელობის გამო ბოლო ექვსი თვის განმავლობაში დენის მიწოდება გარკვეული პერიოდით შეწყვეტილი ჰქონდა ან იმავე პერიოდში 200 კვტ-ზე ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარა.
მართალია, მთავრობაში განაცხადეს, რომ ელექტროენერგიის ვაუჩერს ყველა ოჯახი მიიღებს და ამ მიზნით ახალი სიების შედგენა 1 მარტამდე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჯერ არც სიებია მზად და არც ისაა ცნობილი, კიდევ რა რაოდენობის თანხა გამოიყოფა ენერგოვაუჩერებისთვის.