სამართალი
TBC Bank-ის ირგვლივ შექმნილი ვითარება პოლიტიკას არ უკავშირდება - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყველას მოუწოდა, TBC Bank-თან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ-მა) ხელმოწერის უფლება შეუჩერა TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა დარღვევები, რომლებიც 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს უკავშირდება. ეროვნულმა ბანკმა შემოწმებისას გამოავლინა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები.

სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. TBC Bank- არის სისტემური მნიშვნელობის ძლიერი საფინანსო ორგანიზაცია. ეროვნულმა ბანკმა, როგორც რეგულატორმა, მიიღო გადაწყვეტილება და, ბუნებრივია, მე მის შინაარსობრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ვიცი ერთი რამ ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებს ძალიან მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვით და ეს არის ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის პოზიცია“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი სიტყვებით, TBC Bank-ი ძლიერი, სისტემური ბანკი და ერთ-ერთი მოწინავე საფინანსო ინსტიტუტია არა მარტო ამ სექტორისთვის, არამედ ეროვნული ეკონომიკისთვის.

აქედან გამომდინარე, მსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ პოლიტიკური სპეკულაციებისგან. ეს არის ძალიან ჩარჩოში მოქცეული პროფესიული მიდგომებიდან შესაფასებელი სიტუაცია და მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ამ თემის ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირება ძალზე ცუდი სპეკულაციაა.

მინდა, ყველას შევახსენო, რომ სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი გახლავთ ამ უმნიშვნელოვანესი იდეის ინიციატორი და ჩვენ, როგორც მთავრობა, ყველა საფინანსო ინსტიტუტთან აქტიურად ვსაუბრობთ, რათა რაც შეიძლება დროულად დაიწყოს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსება. ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის და ამავე დროს რეგიონისთვის“, – განაცხადა ბახტაძემ.

მოწინავე საფინანსო ინსტიტუტებთან ანაკლიის დაფინანსების საკითხზე ინტენსიური მოლაპარაკებების ფონზე აღნიშნული საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ბახტაძე უპასუხისმგებლობად მიიჩნევს.

მისი სიტყვებით, საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი სჭირდება და იგი მას აუცილებლად მიიღებს.

იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ TBC Bank-ის დოკუმენტაცია ამოიღო და მის შესწავლას შეუდგა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში შპს სამგორი თრეიდმა" და შპს სამგორი M"-მა ბანკისგან სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე მათ აღნიშნული თანხა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გადასცეს. მოგვიანებით ეს კრედიტი ბანკის მიერ განულდა, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კი მიღებული თანხა არ დააბრუნეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით, რომელიც ითვალისწინებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას („ფულის გათეთრებას") და ისჯება 9-დან 12 წლამდე პატიმრობით.

ხაზარაძე კატეგორიულად უარყოფს კანონის დარღვევას. მისი სიტყვებით, 11 წლის წინანდელი საქმე მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS-მა შეისწავლა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

მთავარმა პროკურატურამ უკვე გაავრცელა ხაზარაძის დაკითხვის დეტალები, რომლის მიხედვით, პროკურორთან საუბრისას ხაზარაძემ განაცხადა, რომ არ იცოდა, თუ თანხა ავთანდილ წერეთელს კრედიტით მის ბანკში ჰქონდა აღებული.

შექმნილი ვითარების შესახებ კომენტარი უკვე გააკეთა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რომელიც აცხადებს, რომ ენდობა ეროვნულ ბანკს და TBC Bank-ის ფინანსურ სტაბილურობას არაფერი ემუქრება.