პოლიტიკა
შავი ზღვის უსაფრთხოება: რისთვის სჭირდება საქართველოს სამი ღრმაწყლოვანი პორტი, თუ არა აშშ-ის და ნატოს სამხედრო ფლოტისათვის?

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. 9 იანვარს APM Terminals-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ განზრახული აქვს ფოთის პორტის ნავსაყუდელის გაღრმავება 14,5 მეტრამდე - მაშინ როცა სულ რაღაც ერთი წლის წინ კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი არარეალისტურია, ვინაიდან საქართველოს ასეთი პორტი საერთოდ არ სჭირდება.

როგორც აღმოჩნდა, ფოთში კიდევ ერთი, რიგით მესამე ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას გეგმავს კომპანია პეის ჯორჯია“, რომელიც ამ ეტაპზე ფოთის პორტის 8 ტერმინალს მართავს. ამასთან, მოცემულ პროექტს მხარს უჭერს უცხოური ინვესტიციების ამერიკული სააგენტო (OPIC), რომელმაც უკვე განაცხადა მისი რეალიზაციისათვის 50 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ.

კომპანიის დირექტორის კლაუს ჰოლმის თქმით, ახალი ღრმაწყლოვანი პორტი ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი იქნება.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოს პორტებში გადამუშავდა სტანდარტული ზომის 412 000 კონტეინერი, რაც 14%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში გადამუშავებულს, ამასთან, ფოთის პორტის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე ბათუმის პორტისა.

თუმცა, ყოველივე ამასთან ერთად, ღიად რჩება საკითხები - ფოთში ერთი ღრმაწყლოვანი პორტი იქნება თუ ორი? იქნება თუ არა საქართველოში მთლიანობაში შავი ზღვის სამი ღრმაწყლოვანი პორტი ერთმანეთისაგან ორიოდე ათეული კილომეტრის დაშორებით? და ყველაზე მთავარი - საკმარისი იქნება თუ არა მოზიდული ტვირთები ერთი და ორი კი არა, სამი ღრმაწყლოვანი პორტის მომგებიანი მუშაობისთვის? მკაფიო პასუხი ამ შეკითხვაზე დღემდე არ არის.