დღგ-ს გადასახადისგან არავინ თავისუფლდება
პრეზიდენტის განცხადება ბიზნესმენების დამატებითი ღირებულებისგან გათავისუფლების თაობაზე რეალობას არ შეესაბამება. სააკაშვილის თქმით, თუ გადამხდელმა ბიუჯეტის სასარგებლოდ 200 ათასი ლარი დღგ-ს სახით გადაიხადა, თავისუფლდება დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლებაში იმპორტის დაბეგვრის ახალ წესს გულისხმობდა, რომელიც 2010 წელს ამოქმედდა და რომელსაც არაფერი აქვს საერთო გადასახადისგან გათავისუფლებასთან.
ამ ცვლილების თანახმად, იმპორტიორი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში 200 ათას ლარზე მეტი დღგ-ს გადასახადი გადაიხადა ბიუჯეტში, გარკვეული შეღავათით ისარგებლებს. დღგ-ს გადასახადს საქონლის რეალიზაციის შემდეგ გადაიხდის, რითაც თავიდან აიცილებს საქონლის იმპორტისას გადახდილი დღგ-ს აღრიცხვისა და ჩათვლის პროცედურებს. შესაბამისად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ბიზნესმენი დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლდება; იგი ამ გადასახადს ყველა შემთხვევაში გადაიხდის, ოღონდ გარკვეული საშეღავათო პერიოდით.