სამართალი
„თავისუფალი საქართველო“: ელიტარული კორუფცია რკინიგზაზე

ezugbaia_irakliპოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველო“ „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელ ირაკლი ეზუგბაიას ელიტარულ კორუფციაში სდებს ბრალს.

როგორც პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის წევრმა მიმი გაბრიჩიძემ განაცხადა, „მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, ირაკლი ეზუგბაია პრემიის სახით 200 000 ათასს არ უნდა იღებდეს“.

„2010 წლის დეკემბერში თბილისის საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა კახა კუკავამ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორ ირაკლი ეზუგბაიას მიმართა და კომპანიის ყოველთვიური სახელფასო ბადე გამოითხოვა, რაზეც უარი მიიღო იმ მოტივით, რომ რკინიგზა საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს არ წარმოადგენს“, – აღნიშნა მიმი გაბრიჩიძემ.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავას განცხადებით, აღნიშნული ფაქტი არის კანონის უხეში დარღვევა, რადგან თანამდებობის პირთა ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს წევრებისა და სხვა მოქალაქეებისთვის საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს.

„თავისუფალი საქართველო“ „საქართველოს რკინიგზის“ ყველა ხელმძღვანელის ხელფასებისა და პრემიების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 333–ე მუხლის მიხედვით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხს დასვამს.