უცხოეთი
პენტაგონი მამუკა ბახტაძისა და პატრიკ შენაჰენის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. პენტაგონი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის პატრიკ შენაჰენის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ მ. შენაჰენი დღეს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძესა და თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას შეხვდა, რათა დაედასტურებინა აშშ-ის ერთგულება ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ყურადღება გაემახვილებინა ჩვენს ძლიერ ურთიერთობაზე თავდაცვის სფეროში.

ლიდერებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, შავი ზღვის უსაფრთხოების ძალისხმევის მხარდაჭერა და თავდაცვის სისტემის რეფორმირების ფარგლებში მიღწეული წინსვლა. ლიდერები შეთანხმდნენ უწყვეტ თანამშრომლობაზე უსაფრთხოების სფეროში და ყურადღება გაამახვილეს საქართველოს სამხედრო ძალების მზაობასა და ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობაზე.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურსა და თავდაცვის მინისტრს ავღანეთში ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ერთგულებისთვის“, – აღნიშნულია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1tv.ge