პუბლიკაციები
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში იულია დიმიტროვასთან შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს TAPS-Ukraine-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქალაქ დნეპროპეტროვსკის რადას დეპუტატი, სოციალური პოლიტიკისა და ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იულია დიმიტროვა ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები ნიკოლოზ კვეზერელი, ჯანდრი უბირია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი მალხაზ თოფურია, ვეტერანების საქმეთა სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ხურციძე, მონიტორინგის და აუდიტის სამმართველოს უფროსი ირაკლი ჩხარტიშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი შორენა სიხარულიძე დაესწრნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და უკრაინულ მხარეს საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გამოცდილება გაუზიარეს. სტუმრები განსაკუთრებით უწყების მუშაობის სტრატეგიითა და სტრუქტურით დაინტერესდნენ.

შეხვედრას, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თხოვნით, ორგანიზაციის წარმომადგენლები ანა გოგოხია და ნიტა თოდრიაც დაესწრნენ. კომიტეტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების სამარხების მოძიებასა და მათი ნეშტების იდენტიფიკაციის საკითხებზეც მუშაობს და ამ საქმეში უკრაინულ მხარესთან თანამშრომლობა მეტად მნიშვნელოვანია. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა იულია დიმიტროვას ამ საკითხებში თანამშრომლობა სთხოვეს. უკრაინელმა სტუმარმა მათ ამ მნიშვნელოვან საქმეში დახმარება აღუთქვა.

შეგახსენებთ ,რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ხურციძე გასული წლის 24-25 აპრილს უკრაინაში გამართულ სამიტს ვეტერანების გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა დაესწრნენ.

საქართველოს დელეგაცია ვიზიტის დროს აქტიურ კონსულტაციას უწევდა უკრაინულ მხარეს, რომელიც ვეტერანთა სამინისტროს შექმნას გეგმავს. ქართველებისგან გამოცდილების გაზიარების შესახებ უკრაინულ მხარეს რეკომენდაცია ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ორგანიზაციებმა მისცეს, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურა და მუშაობა რეგიონში სამაგალითოა.