პუბლიკაციები
ბონდო კაკუბავა: „დღეს ფეხბურთში კატასტროფული მდგომარეობაა!“

bondo_kakubavaქვეყანაში არსებულ სპორტის და, კერძოდ, ფეხბურთის მდგომარეობაზე, ასევე, ზოგადად, საქართველოს პრობლემებსა და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაზე საქინფორმესაუბრა ფეხბურთელს, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, ბონდო კაკუბავა. 

– ფეხბურთის მხრივ, როგორი მდგომარეობაა დღეს საქართველოში ?

– დღევანდელი მდგომარეობა ძალზე რთული შესაფასებელია. უხელფასო სპორტსმენს, როცა სახლში ოჯახი ელოდება, აღარც ეფეხბურთება. მოედნებიც არ გვაქვს ევროპული დონის, შესაბამისად, ცუდ მოედნებზე შედეგსაც ცუდს ვიღებთ. მოკლედ, საქართველოში დღეს ფეხბურთში კატასტროფული მდგომარეობაა. არადა, ჩვენ გვყავს ბევრი კარგი ფეხბურთელი. ამ პრობლემებს თუ სახელმწიფომ არ მიხედა, სხვა ვერავინ უშველის.

– რა არის ძირითადი პრობლემა?

– მთავარი ის არის, რომ სახელმწიფო სექტორში აღარაფერი დარჩა. ყველაფერი გაიყიდა და დღეს ყველა საფეხბურთო გუნდი კერძოა. ადრე სპორტის ამ სახეობაში ახალბედებს უფასოდ ვწვრთნიდით, თანხებითაც და სპორტული სამოსითაც უზრუნველვყოფდით. დღეს კი, თუ ფული არ გაქვს, ვერსად დაკავდები. შესაბამისად, ეს ტალანტებიც იკარგება. ვარჯიშობს ის, ვისაც ფული აქვს, ნიჭიერი ბავშვი კი უსახსრობის გამო სახლში ზის.

სკოლის დამთავრების შემდეგ ფეხბურთს ვეღარავინ მიჰყვება. მომავალზე ფიქრობენ და სხვადასხვა უნივერსიტეტს ირჩევენ, რომ ცხოვრებაში გზა გაიკაფონ. ყველამ იცის, რომ დღეს ფეხბურთით ვერ იცხოვრებ.

– ვიეხება მდგომარეობ გამოსწორება?

– ეს სახელმწიფოს პრობლემაა და მანვე უნდა მოაგვაროს. ადრე ამბობდნენ, რომ თუ რაიკომის მდივანს ფეხბურთი უყვარს, იქ სპორტის ეს სახეობა ყვავის, რადგან ის აფინანსებდა ყველაფერს. ახლა ბიზნესმენებს უნდათ გუნდების დაფინანსება, თუმცა სახელმწიფო მათ არ აძლევთ ამის საშუალებას. ფოთი ფეხბურთის დედად მოიაზრება, მაგრამ ამ ეტაპზე იქ ისეთი მდგომარეობაა, რომ მწვრთნელები ხელფასსაც ვერ იღებენ, არც ფეხბურთელებს აქვთ შემოსავალი.

– რამდენად მოთხოვნადია დღეს ფეხბურთი?

– შემოჰყავთ ბავშვები, 5-6 წლისანიც კი, მაგრამ ამას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს. ბავშვი ჯერ საბავშვო ბაღში უნდა განვითარდეს, მერე – სკოლაში და მერე – სპორტში; მიჰყვებიან სპორტს და 16-17 წლისანი უკვე თავს ანებებენ. მე 22 წლის ასაკიდან მწვრთნელი ვარ და დღემდე მყავს გუნდი. ალბათ ეს ჩემი ბოლო გუნდია (1997 წელს დაბადებულები), ბოლომდე მინდა, ვემსახურო საქართველოს და აღვუზარდო კარგი ფეხბურთელები, მაგრამ მე იმ ნიჭს დღეს ვეღარ ვხედავ, რაც ადრე იყო. ასეთი სუსტი გუნდი არასდროს მყოლია. ეს ყველაფერი სხვადასხვა პრობლემის ბრალია.

- ბატონო ბონდო, თქვენს, როგორც მწვრთნელის, ყველაზე დიდ მიღწევად რამიიჩნევთ?

– მე ვიტალი დარასელიაზე დიდი მიღწევა არ მყოლია.

– თქვენ აფხაზეთში ცხოვრობდით. რას ნიშნავს აფხაზეთი თქვენთვის?

– მიმაჩნია, რომ რაც დედაა შვილისთვის, იგივეა აფხაზეთი ჩემთვის. თითქმის მთელი ცხოვრება იქ გავატარე. ყველაფერი იქ დამრჩაარა მარტო სახლკარი, მეგობრებიც, როგორც ქართველი, ისე აფხაი. იქ სულ სხვა სიყვარული იყო. ოჩამჩირელი ვარ. ამ პატარა ქალაქში ყველას ერთმანეთი უყვარდა. აფხაზეთმა ბევრი კარგი ფეხბურთელი აღზარდა. არ მინდა, პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო – ამაზე პოლიტიკოსებმა ისაუბრონ. თუმცა ერთს ვიტყვი – მე სასიკეთოს ვერაფერს ვხედავ.

– მას შემდეგ იქ აღარ ყოფილხართ?

– არა. თუმცა იყო სიტუაცია, ოჩამჩირეში ვიტალი დარასელიას 50 წლისთავზე ჩავსულიყავი. „დინამოს“ მთელ გუნდს იწვევდნენ. შესაბამისად, მეც უნდა წავსულიყავი, მაგრამ ბოლოს არავინ გამომეხმაურა. მიზეზი ახლაც არ ვიცი.

– თქვენ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ხართ. რამდენად გრძნობთ ყურადღებას ჩვენი მთავრობისგან?

– სიტყვიერი დახმარება და პატივისცემა მათი მხრიდან არის, მაგრამ სიყვარული უბრალო ხალხისგან უფრო იგრძნობა.

– ბატონო ბონდო, რას უსურვებთ საინფორმაციო ანალიტიკურ სააგენტო საქინფორმს“?

– თქვენ ძალიან დიდ საქმეს მოჰკიდეთ ხელი. ხალხს, რა თქმა უნდა, ჩვენი თაობაც აინტერესებს და მიხარია, რომ ცდილობთ ჩვენთან ურთიერთობას.

გისურვებთ უდიდეს რეიტინგს და ულევ ექსკლუზივებს.