პოლიტიკა
ბესელია საქალაქო, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადავადებას სთავაზობს

 საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ხუთი წლით გადავადება - ჯერ ცნობილი არ არის, დაუჭერს თუ არა მხარს საპარლამენტო უმრავლესობა ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ ცვლილებების პროექტს.

სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილებას მმართველი პარტიის წევრები მას შემდეგ მიიღებენ, რაც ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა კიდევ ერთხელ გაიმართება.

თავად ბესელია კი ამბობს, რომ მის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს ხელმომწერი დეპუტატების გარდა კიდევ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და დარწმუნებულია, რომ ცვლილებები კანონში შევა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია კრიტიკა, რომელიც ამ პროექტის შესახებ ისმის. ბესელიას თქმით, მან კანონპროექტი სწორედ უმრავლესობის სხდომაზე წარადგინა, თუმცა მაშინ თანაგუნდელების მხრიდან პრინციპული წინააღმდეგობა არ ყოფილა. ბესელია დარწმუნებულია, რომ მოსამართლეების უვადოდ გამწესების შეჩერებას ბევრად მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

უნდა შევაჩეროთ მოსამართლეთა უვადო გამწესება, რადგან კონსტიტუციით გარდამავალი დებულებები გვაძლევს ამის შესაძლებლობას, 2025 წლამდე გამოყენებული იყოს გამოსაცდელი ვადა. იქ საწინააღმდეგო არავის არაფერი უთქვამს, გულში ვინ რას ფიქრობდა, მე არ ვიცი, მაგრამ იმისთვის არი უმრავლესობის სხდომა, რომ თუ ვინმეს ჰქონდა განსხვავებული პოზიცია, უნდა ეთქვა.

იდეას პრინციპის დონეზე მოწინააღმდეგე არ ჰყავდა, ხმამაღლა, ყოველ შემთხვევაში, არ უთქვამს. ახლა საწინააღმდეგო ოპოზიციას აფიქსირებს. იქ შეეტყო, რომ ეს არ ესიამოვნა, მთავარი ეს არ არის, მთავარია, რომ პრინციპის დონეზე ვთქვით, საჭიროა გარკვეული პაუზა.

ვინც იცის კონსტიტუცია, ვინც იცის სამართლის ფილოსოფია, ვინც ერკვევა კანონებში, მან უნდა ილაპარაკოს, არასერიოზულ კომენტარებზე მე დროს არ დავკარგავ, - ამბობს ბესელია.