უცხოეთი
ნიკოლას მადურომ დონალდ ტრამპსა და აშშ-ის მთავრობას ექსტრემისტების დაჯგუფება უწოდა

 საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. ნიკოლას მადურომ დონალდ ტრამპსა და აშშ-ის მთავრობას ექსტრემისტების დაჯგუფება უწოდა.

„ბი ბი სი-სთან“ ინტერვიუში მადურომ განაცხადა, რომ ვენესუელაში შექმნილ კრიზისში პასუხისმგებლები სწორედ ტრამპი და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.

„ეს ამერიკის შეერთებული შტატების იმპერიის, თეთრი სახლის მმართვველი კუ-კლუქს-კლანისა და ექსტრემისტების ვენესუელის ხელში ჩასაგდებად წარმოებული პოლიტიკური ომია“,- განაცხადა ნიკოლას მადურომ.

ინტერვიუში მადურომ ვენესუელაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ჰუმანიტარულ ტვირთს არ შეუშვებს, რადგან ამ გზით ამერიკის შეერთებულ შტატებს მის ქვეყანაში ინტერვენციის გამართლება სურს.

ვენესუელაში 2018 წლის მაისში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ ქვეყნის ოპოზიციამ, შემდეგ კი, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ არალეგიტიმურად მიიჩნია. 2019 წლის 22 იანვარს ნიკოლას მადუროს ოპონენტმა, ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. მას მხარდაჭერა მალევე გამოუცხადეს რიგმა სახელმწიფოებმა, მათ შორის ერთ-ერთი პირველი აშშ იყო. ხუან გუაიდოს მხარდაჭერას უცხადებს საქართველოც.

1tv.ge