საზოგადოება
ევროპაში ახლად შექმნილი ორგანიზაციის – საქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირის – „ნათლის მხედარი“ – გენერალური მდივანი, ამჟამად საფრანგეთში მყოფი, ქალბატონი ჯულიანა დიუმა „საქინფორმს“ ატყობინებს:

dumas-logo„1 მარტს ბრიუსელში უფლებების დამცველთა ქართული ჯგუფი ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰაიდი ჰაუტალას შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპაში ახლად შექმნილი ორგანიზაციის – საქართველოს ხსნის საერთაშორისო კავშირის – „ნათლის მხედარი“ – გენერალური მდივანი ჯულიანა დიუმა, რადიო „France 24“-ის კორესპონდენტი გიორგი ფოფხაძე, საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი, მედიაკავშირი „ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი, ომბუდსმენი პოლიტემიგრანტების საკითხებში მერაბ ბლადაძე და ჰააგის სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ავტორი, პარტიის – „კანონი და სამართლიანობა“ – თავმჯდომარე, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.

შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის უმძიმესი ფაქტები, კერძოდ: ქუჩაში დახვრეტილი უდანაშაულო ახალგაზრდების შესახებ;

პირველი პრეზიდენტის ვაჟის – ცოტნე გამსახურდიას რეპრესირების შესახებ;

სანდრო ბრეგაძის დაკავებისა და გვანცა ყუფარაძის უკანონო პატიმრობის შესახებ.

დეტალურად იქნა განხილული ჰააგაში პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელიც.

გადაწყდა, რომ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სისტემატურად მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაციები ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ საქართველოში. მოხდება საქმეების დეტალური შესწავლა, ქვეკომისია განიხილავს და გადაწყვეტს, დაინიშნოს თუ არა საკომიტეტო მოსმენა.

სავარაუდოდ, მოსმენა 2011 წლის სექტემბერში დაინიშნება“.