საზოგადოება
ჩვენი მიზანია - ნატოს პოპულარიზება გავუწიოთ, ვიკონტაქტოთ არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან, აღნიშნა საქართველოში პოლონეთის ელჩმა

 საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. ვმუშაობთ, რომ წამოვწიოთ საქართველოს უნარები, რათა ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს, – ამის შესახებ საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა განაცხადა საელჩოში ღონისძიებაზე, სადაც აღინიშნა, რომ პოლონეთის საელჩო ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო დიპლომატიური უწყება ხდება.

გვინდა, საქართველოს დახმარება გავუწიოთ, რათა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. ძალიან ვაფასებთ თქვენი ქვეყნის ჩართულობას ნატოს საქმიანობაში მსოფლიო მასშტაბითიქნება ეს ავღანეთი თუ ერაყი. ჩვენი მხრივ, ვაზიარებთ სამხედრო გამოცდილებასაც, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტითაა გაწერილი. ვმუშაობთ იმისათვის, რომ წამოვწიოთ საქართველოს უნარები, რათა ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს. რაც შეეხება ჩვენი საელჩოს ახალ სტატუსსა და საქმიანობას, არ ვაპირებთ, შევეჯიბროთ ნატოს სამეკავშირეო ოფისს, საკონტაქტო საელჩო მეტწილად გულისხმობს სახალხო დიპლომატიაზე გათვლილ ღონისძიებებს. მიზანი კი ის არის, რომ ნატოს პოპულარიზება გავუწიოთ, განვიხილოთ სტრატეგიები და ვიკონტაქტოთ არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან“, – აღნიშნა საქართველოში პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა.

ახალი სტატუსიდან გამომდინარე, პოლონეთის საელჩოს აქტიური კომუნიკაცია ექნება ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლობასთან საქართველოში.

პოლონეთის საელჩო ნატოს საკონტაქტო საელჩოს რანგში მომდევნო ორწლიან საქმიანობას, პრაქტიკულად, დღეს იწყებს. საელჩო სახალხო დიპლომატიის ფარგლებში იმუშავებს, რათა ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყოს ხელი. დეკემბრამდე ამ როლს ბულგარეთის საელჩო ასრულებდა. მიუხედავად განსხვავებული მიმართულებებისა, რა თქმა უნდა, ჩვენი სამეკავშირეო ოფისი ითანამშრომლებს პოლონეთის საელჩოსთან ამ ახალ კონტექსტშიც“, – აღნიშნა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როსარია პულისიმ.

ღონისძიებაზე საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ორდენით დააჯილდოვეს.

საქართველოში პოლონეთის საელჩო ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო დიპლომატიური უწყება ხდება. ახალი სტატუსით იგი ალიანსსა და მესამე ქვეყნებს შორის კონტაქტებისა და ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებებზე იმუშავებს და სახალხო დიპლომატიის სეგმენტი ჩაბარდება, რაც საზოგადოებაში ნატოს შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ალიანსის საქმიანობის პოპულარიზებას გულისხმობს.